ხალიჩისებური ძველბერძნული კერამიკა
ხალიჩისებური ძველბერძნული კერამიკა – არქაიკის ხანაში მეთუნეები საფუძველს უყრიან ბერძნული კერამიკის ძირითად პრინციპებს, ქმნიან ერთგვარ არქიტექტონიკურ სისტემას კერამიკაში, ჭურჭლის ტიპებს. ისინი ცდილობენ, რომ ჭურჭელი ერთდროულად იყოს მხატვრულად დახვეწილი და პრაქტიკულად მოსახერხებელი ანუ ყოველმხრივ სრულყოფილი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა კერამიკული ჭურჭლის ძირითადი ტიპები, რომელსაც ბერძენი ოსტატები განუხრელად მისდევდნენ; მიუხედავად იმისა რომ ბერძნული კერამიკა „მოდებული“ იყო მთელ იმდროინდელ სამყაროს, ორ ერთნაირ ჭურჭელს ვერსად ნახავდით, რადგან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბერძენი ოსტატი ჭურჭელს როგორც განუმეორებელ ნივთს, ისე უდგება; ის ნიუანსები შეაქვს მის ფორმასა და პროპორციებში, რომლებიც მართლაც განუმეორებელს ხდის და ხელოვნების ჭეშმარიტ ნიმუშად აქცევს. მას ამაში ძალზე დიდ როლს ასრულებს ჭურჭელზე დატანილი მოხატულობაც.
არქაიკის ხანაში ლარნაკების მოხატულობამ გარკვეული განვითარება განვლო. თავდაპირველად, ძვ.წ. VII ს-ში საბერძნეთში გავრცელებული იყო ე.წ. ხალიჩისებური ანუ ორიენტალისტური („აღმოსავლური“) სტილი. იგი ვითარდებოდა ელადის სავაჭრო ცენტრებში: კუნძულებზე როდოსზე, სამოსზე, ქიოსზე; მცირე აზიის ქალაქებში, მათ შორის მილეტში და ასევე ჩრდილოეთ პელოპონესოსის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში კორინთოში. მათი საქონელი ფართოდ გადიოდა საბერძნეთს გარეთ – იტალიაში, ეტრურიაში, შავი ზღვის სანაპიროებზე. ამ პერიოდის, ძვ.წ. VII ს-ის ლარნაკები ძირითადად მოხატული იყო მუქი ყავისფერი ლაქის საღებავით ღია ფერის ფონზე. ერთი შეხედვით ამ სტილის მოხატულობა მართლაც მოგვაგონებს ხალიჩას. ჭურჭლის „სხეულზე“ ფაქტობრივად არ რჩება ფონის თავისუფალი არე და მთელი ფორმა ნახატითაა დაფარული, მაგრამ ნახატი მოწესრიგებულია, გარკვეულ სისტემაშია მოყვანილი. ჭურჭლის ზედაპირი ჰორიზონტალურ რიგებადაა დაყოფილი, რომლებშიც რიტმულად მონაცვლეობს ორნამენტული მოტივები, ცხოველთა და ადამიანთა გამოსახულებანი.
ამ სტილის ერთ-ერთი ნიმუშია ძვ.წ.VII ს-ში შექმნილი ოინოქოე როდოსიდან. ჭურჭლის განიერი მუცელი მთლიანად დაყოფილია ჰორიზონტალურ სარტყლებად, რომლებიც თვით ფორმის შესაბამისად ქვემოდან ზემოთ განივრდება. სარტყლებში ჩაწერილია ერთ რიგად გამოსახული, ერთ მხარეს მიმართული შვლების რიგი. სულ ზედა, ყველაზე განიერ სარტყელზე ფანტასტიკური ცხოველებისა და ფრინველების საპირისპირო მხარეს მიმართული გამოსახულებებია განთავსებული. ფიგურებს შორის დარჩენილი არეები შევსებულია ცალკეული ორნამენტული მოტივებით – სვასტიკებით, ვარდულებით, ჯვრებით. ამგვარად, ნახატი ქმნის ერთგვარ საზეიმო თანაბარზომიერ რიტმს, მსგავსი ელემენტების განუწყვეტელი გამეორება კი მართლაც იწვევს ასოციაციას ხალიჩასთან.
არქაიკის ხანის ლარნაკები ხალიჩისებური ნახატით აშკარად ჰომეროსის ხანის გეომეტრიულ სტილს მოგვაგონებს (დიპილონის ამფორა). ეს მსგავსება უპირველეს ყოვლისა მოხატულობის სტრუქტურაში ჩანს, რაც ორივე შემთხვევაში ჭურჭლის ზედაპირის ჰორიზონტალურ ფრიზებად დაყოფაში მჟღავნდება, მაგრაშ თუ ადრინდელ ხანაში გეომეტრიული ორნამენტი ჭარბობდა და ადამიანთა და ცხოველთა გამოსახულებებიც ზედმიწევნით პირობითი და ორნამენტული ხასიათისა იყო, ხალიჩისებური სტილის ლარნაკებზე მათ მეტი ადგილიც ეთმობათ და ისინი ბევრად უფრო რეალურნიც არიან. ამის გარდა, დიპილონის ამფორის ფიგურები სილუეტურად აღიქმებოდა და დეტალები მათზე საერთოდ არ გამოისახებოდა, როდოსის ოინოქოეზე კი ცხოველთა გამოსახულებებს დახვეწილი კონტურის ხაზი შემოწერს, ცალკეული სახასიათო დეტალები კი ზოგან ამოკაწრულია, ზოგან კი თეთრი და წითელი საღებავითაა დამუშავებული.