ხარის გორა
ხარის გორა - ყორღანულ სამარხთა კომპლექსი, არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ტყვიავის საშუალო სკოლის დასავლეთით, ყოფილი ზოლოტნიცკის მამულში, ე.წ. ხარის გორაზე, მდ. პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე თარიღდება ადრინდ. ბრინჯაოს ხანით, ძვ. წ. 2500 წ.
კომპლექსი შეისწავლა გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის 1938-40 წწ არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. ს. მაკალათია). გაითხარა 3 ყორღანული სამარხი. ყველა სამარხი ქვაყრილიანია, მხოლოდ II და III სამარხია გაერთიანებული. ერთიანი ქვაფენილით. სამარხების ზომები განსხვავებულია: I ყორღანის დიამეტრი 20 მ-ია, ქვაყრილის ცენტრალური ნაწილის სიმაღლე – 1,1 მ; II ყორღანი პირველთან შედარებით ოდნავ პატარაა; III ყორღანის დიამეტრი 12 მ.-ს უდრის, ქვაყრილის ცენტრალური ნაწილის სიმაღლე 0,4 მ. I ყორღანში, ქვაყრილის სხვადასხვა დონეზე, 42 ორმოსამარხია, II და III-ში – თითო. მიცვალებულები დაკრძალულია სხვადასხვა წესით: გულაღმა, გაშოტილი; გვერდზე, მოკუნტულთ ზოგ სამარხში მხოლოდ თავის ქალაა დამარხული. ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა ომაიანების დინასტიის 741-42 წწ. ვერცხლის ფული. სამარხებში გამოვლინდა თიხის ჭურჭელი: უმეტესად შავზედაპირიანი და წითელსარჩულიანი, სქელკედლიანი, უორნამენტო ორყურა ჯამები; ლითონის ნივთები: ორმაგი ხვეული ბოლოებგახსნილი სასაფეთქლე ხვიები (3 ცალი), ჯვარედინი ხაზებით შემკული მავთულის რგოლისებრი ბეჭედი და სხვ., ობსიდიანისა და კავის საჭრისები, საფხეკები, ყუნწიანი ისრის პირები და სხვ. მასალა დაცულია გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.