ხაჩატუროვი იური
იური გრიგოლის ძე ხაჩატუროვი – (დ. 01.05.1952), სომეხი გენერალ-პოლკოვნიკი (15.04.2008)
დაიბადა ქ. თეთრწყაროში (საქართველოს სსრ), (ყოფ.ბელი კლიუჩი), მოსამსახურის ოჯახში. 1969 წელს, თეთრიწყაროს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა გამოცდები თბილისის საარტილერიო სამეთაურო წითედროშოვან სამხედრო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1974 წელს.
სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში, მოტომსროლელი დივიზიის, საარტილერიო პოლკის საცეცხლე ოცეულის მეთაურად.
1976-1982 წლებში ეკავა ბატარეის მეთაურის, საარტილერიო დივიზიონის მეთაურის მოადგილის – შტაბის უფროსის და შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო დივიზიონის მეთაურის თანამდებობები.
1982-1985 წლებში სწავლობდა ლენინგრადის მ. კალინინის სახ. სამხედრო საარტილერიო აკადემიის სამეთაურო ფაკულტეტზე. აკადემიის დამთავრების შემდეგ დაინიშნა ბელორუსიის სამხედრო ოლქის სატანკო დივიზიის, სარაკეტო ჯარების და არტილერიის შტაბის უფროსად.
1987-1989 წლის თებერვლამდე მსახურობდა ავღანეთი₮ს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მე-40 არმიის, მე-5 გვარდიული მოტომსროლელი დივიზიის სარაკეტო ჯარების და არტილერიის შტაბის უფროსად.
1989 წლის ოქტომბერში ავღანეთში სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ, დაინიშნა ბელორუსიის სამხედრო ოლქის სატანკო არმიის, ცალკეული საარტილერიო ბრიგადის მეთაურად.
1992 წლის აპრილში ბელარუსის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის სპეციალური ბრძანებით იქნა მივლინებული სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის განკარგულებაში და, დაინიშნა მე-2 მოტომსროლელი პოლკის მეთაურად. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვაში.
1992 წლის სექტემბერში დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სარდლის მოადგილედ და, სასაზღვრო ჯარების სამმართველოს უფროსად. იყო გორისის მოტომსროლელი პოლკის, ტავუშის მოტომსროლელი ბრიგადის, I და IV საარმიო კორპუსების შექმნის და ფორმირების ერთ-ერთი ინიციატორთაგანი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მეთაურობდა ამ ნაწილებს, შენაერთებსა და გაერთიანებებს. აგრეთვე ეკავა ოპერატიული მიმართულების სარდლის და, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობები.
1995 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. 2000 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. 2000 წლის 21 მარტს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ.
2008 წლის 15 აპრილს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსად.
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებულია 2 წითელი ვარსკვლავის და სსრკ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისათვის III ხარ., ვარსკვლავის ორდენით (ავღანეთი), სომხეთის საბრძოლო ჯვრით, სომხური ეკლესიის ნერსეს შნორალის და ვარდან მამიკონიანის ორდენებით.