ხეთაჯი ძუარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხეთაჯი ძუარ-ი (ოს. Хетæджы дзуар – „ხეთაგის ხატი“) — მოგზაურთა და მეომართა, ასევე ყაბარდოული წარმომავლობის ოსური გვარებისა (მათ შორის ხეთაგუროვების) და მათი მრავალრიცხოვანი განშტოებების მფარველი ხატი. ყაბარდოელი თავადის – ინალის შვილის თუ შვილიშვილის – ხეთაგის სახელთან დაკავშიებული ხატის ადგილსამყოფელია ალაგირის ხეობის სოფ. საუდაგთან ახლომდებარე „ხეთაგის კორომი“ (Хетæджы къох), სადაც ყოველწლიურად 15 ივლისს წმ. ხეთაგის სახელობის დღეობა აღინიშნებოდა. აქ სალოცავად მთელი ოსეთიდან მოდიოდნენ და სათანადო მსხვერპლშეწირვის შემდეგ ხეთაჯი ძუარს მფარველობას შესთხოვდნენ. ხეთაგის კორომთან დაკავშირებულია ერთი, ფრიად საინტერესო გადმოცემა. თქმულების მიხედვით ღონემიხდილ ხეთაგთან, რომელიც მდევარის მსხვერპლი უნდა გამხდარიყო, ტყეს გამოყოფილი კორმი თავად მივიდა და შეიფარა. ამ დღიდან მოყოლებული კორომი წმინდა ადგილად იქცა: იკრძალებოდა ხის მოჭრა, იქიდან ნაყოფის ან მოკლული ნადირის გამოტანა და სხვ. ზემომოყვანილი გადმოცემა წმინდა ტყეების, კორომების, როგორც საკრალური სივრცის და იქ არსებული საგნების (ასევე იქ მყოფი ადამიანების) ხელშეუხებლობის რწმენას უკავშირდება. თავშესაფრისა და ხელშეუხებლობის უფლების მოპოვების მიზნით წმინდა ტყეში გასვლა კავკასიის ხალხებში ფართოდ გავრცელებული მოვლენა იყო. კ. გალავანის ცნობით, დანაშაულში (მათ შორს მკვლელობაში) ეჭვმიტანილი ჩერქეზი მამაკაცები და ქალები თუ წმინდა ტყეს შეაფარებდნენ თავს და რომელიმე ხეზე ჩამოკიდებული (შეწირული) ქსოვილის ნაჭერს ყელზე შემოიხვევდნენ, ხელშეუხებელნი ხდებოდნენ (შდრ. აფხაზური აბნალარას – „ტყეში გაქცევის“ ჩვეულება, რაც ი. შიფნერმა ჩვეულებითი სამართლიდან კარგად ცნობილ drois d’asile-ს – თავშესაფრის უფლებას დაუკავშირა).


ლიტერატურა

  • Уарзиаты В. С. К исторической интерпретации осетинских преданий о Хетаге // Вопросы кавказской филологии и истории. К 80-летию Г. Ф. Турчанинова. Нальчик, 1982;
  • Емельянова Н. М. Традиционная культура и религия у осетин // Дарьял. 2004. № 4;
  • Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები