ხელოვნური ენები
ხელოვნური ენები – სხვადასხვა
მიზნებისათვის ხელოვნურად შექმნილი ნიშანთა სისტემები. ასეთებია:
1. საერთაშორისო ენები (ესპერანტო. კოლაჰუკი და სხვ. რომლებიც ბუნებრივი ენების მსგავსად იქმნებიან სამეტყველო ბგერათა საშუალებით, აქვთ გრამატიკული წყობა და ლექსიკური ფონდი; გამოიყენებიან კომუნიკაციის საშუალებად სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანთა ფართო საზოგადოებაში;
2. სხვადასხვა საშუალებით გამოხატული, კონკრეტული პროფესიული მიზნებისათვის გამოყენებული ნიშანთა სისტემები, მაგ., მეზღვაურთა სიგნალების ტიპის სისტემები. ხელოვნურ ენებად განიხილება სხვადასხვა მეცნიერებათა სიმბოლური ენები მაგ., მათემატიკის, ფიზიკის, ლოგიკის ფორმალური ენები;
3. ალგორითმული, ანუ პროგრამების ენები,
რომლებიც ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებში გამოიყენება სხვადასხვა მიზნით. ბუნებრივ ენათა მსგავსად, ალგორითმული ენა შეიცავს საწყის სიმბოლოთა ერთობლიობას – ანბანს, ამ სიმბოლოებისაგან კონსტრუქციების შედგენის წესთა სისტემას – გრამატიკას (სინტაქსს) და კონსტრუქციათა ახსნის სისტემას – სემანტიკას. კონსტრუქცია შეიძლება იყოს ცხრილები, ცხრილთა სისტემები, სიტყვები, სიტყვათა თანმიმდევრობები. ამჟამად ცნობილია ალგორითმულ ენათა ასობით ნაირსახეობა: კობოლი, ფორტრანი, იპლი და სხვა. ალგორითმული ენა გამოიყენება კომპიუტერებში სხვადასხვა პროგრამების შესატანად. ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- 1. იყოს იოლად შესასწავლი, გასაგები და გამოსაყენებელი. ამ პირობის უზრუნველსაყოფად ალგორითმულ ენებში იყენებენ მათემატიკურ ფორმულებს ან ბუნებრივი ენის სიტყვებს;
- 2. კომპაქტურად აღწეროს პროცესები;
- 3, შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება პუბლიკაციაში;
- 4. იყოს უნივერსალური. ყველა ამ პირობის დაკმაყოფილება ერთდროულად შეუძლებელია, ამიტომ ხშირად მუშავდება შედარებით ვიწრო სფეროში გამოსაყენებელი ალგორითმები.
აღნიშნული ტიპის ხელოვნური ენებისგან პრინციპულად განსხვავებულია პიჯინ ენები და ე. წ. მეორე რიგის ენები – მეტაენები, რომლებიც იქმნებიან როგორც მეცნიერული აღწერის საშუალებები, მაგრამ ემყარებიან რეალურ ენობრივ სისტემებს.
ლ. ენუქიძე