ხეპილპილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხეპილპილა - Vitex agnus-castus

Vitex agnus-castus L. – ხეპილპილა

მერქნოვანი ფოთოლმცვენი 4-8 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. მთელი მცენარე ლეგა-ქეჩისებრია ხშირი ბეწვის გამო. ტოტები მურაა, ოთხწახნაგოვანი, მკვეთრი არომატით. ფოთლები დიდია, მწვანე, მოპირისპირე, თათისებრ რთული, გრძელ ყუნწიანი, შედგება 5-7 ფოთოლაკისგან, რომლებიც ვიწრო ლანცეტაა, მახვილი, კიდემთლიანი ან იშვიათად დაკბილული, ზემოდან – მქრქალი, ქვედაზე – ლეგა, ხშირი შებუსვის გამო. ყვავილები მრავალრიცხოვანია, ბაცი ლილისფერი, ორტუჩა, შეკრებილია ტოტების ბოლოებზე ხშირ საგველა – თავთავისებრ ყვავილედებად. ნაყოფი – შავი, მშრალი, ოთხწახნაგოვანი სფერული კურკაა. ყვ.VI-X; ნაყ. X-XI.

იზრდება ზღვისპირა ქვიშებზე, მდინარეთა და რუების ნაპირებზე, მშრალ ფერდობებზე და ბუჩქნარებში, დაბლობებსა და მთისწინებზე.

არომატული ნაყოფები და სურნელოვანი თესლები კულინარიაში გამოიყენება სურნელოვანი პილპილის შემცვლელად. ფოთლებსა და ნაყოფებს სანელებლად ხმარობენ ხორცისა და თევზეულის კერძებში, მათ შორის დაშაშხულ თევზეულსა და ლორებში.

ხეპილპილა - Vitex agnus¬castus L.

სამკურნალო ნედლეულს მცენარის მიწისზედა ნაწილი (ქერქი, ფოთლები, ტოტები, ყვავილები და ნაყოფები) წარმოადგენს. ფოთლები და ტოტები გროვდება მცენარის მთელ სავეგეტაციო პერიოდში (სიცოცხლის მესამე წლიდან), ყვავილები – ყვავილობის პერიოდში, ნაყოფები – მომწიფების კვალდაკვალ (სექტემბერი-ოქტომბერი), ქერქი – გაზაფხულზე ან შემოდგომით. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ფლავონოიდებს (იზოვიტექსინი, კასტიცინი), ირიდოიდებს (აუკუბინი, აგნოზიდი), მთრიმლავ ნივთიერებებს,ალკალოიდებს, მიკროელემენტებს, ვიტამინებსა და ეთერზეთებს. ფოთლებში აღინიშნება C ვიტამინი (38,9-118,1 მგ%); ნაყოფებში – კუმარინები და ცხიმოვანი ზეთები, რომლის შემადგენლობაშია ჭიანჭველის, ძმრის, პროპიონის, ვალერიანისა და კაპრონის მჟავები. ეთერზეთების ყველაზე მაღალი შემცველობა ფიქსირდება ყვავილობის პერიოდში: ნაყოფებში – 0,47 %, მშრალ ფოთლებში – 55%-მდე. ეთერზეთების შე მადგენლობაშია ცინეოლი, პინენი, საბინენი, პალმიტინის მჟავა. ხეპილპილა ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ექსტროგენული, ანტიფუნგალური და სედატიური მოქმედებით. მისი პრეპარატები დადებითად მოქმედებს ჯირკვლების ფუნქციაზე ჰორმონალური დარღვევებისას, ააქტიურებს ყვითელი სხეულის (რკინა, რომელიც არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს) ფუნქციას. ნაყოფები აუმჯობესებს საკვების მონელებას, ხასიათდება მატონიზირებელი და გამაძლიერებელი მოქმედებით. თესლიდან გამოყოფილი ზეთი შველის ონკოლოგიურ დაავადებებს. ცნობილია, რომ ხეპილპილას პრეპარატები ასტიმულირებს მეტყველების ცენტრს, განსაკუთრებით შველის მეტყველება–განუვითარებელ ბავშვებს. გამოიყენება აგრეთვე შემდეგი დაავადებებისას: დეპრესია, ღვიძლისა და ელენთის ქრონიკული დაავადებები, ციებ-ცხელება, უნაყოფობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, მასტოპატია, ქალების მიომა, მამაკაცების იმპოტენცია.

ხალხურ მედიცინაში იხმარება ციებ-ცხელების, გონორეისა და გულის ტკივილებისას. ფართოდ გამოიყენება ჰომეოპატიაში – ნედლ წვენს იყენებენ დეპრესიის, ნერვული დაავადებებისას. ფოთლებისა და ყვავილების ნაყენები გამოიყენება როგორც ლაქტოგენური საშუალება, ხასიათდება ანტი¬ ბაქტერიული მოქმედებით. ნაყოფების ნაყენი ამაღლებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციას, გამოიყენება ქალური დაავადებების (ფიბროზულკისტოზური მასტოპატია, ფიბრომა, მიომა, კისტა, პოლიპები), მამაკაცებში – პროსტატიტის, უნაყოფობისა და ლეიკოზის სამკურნალოდ.

არ არის რეკომენდირებული ხეპილპილას წვეთების მიღება ალკოჰოლიზმის მკურნალობის შემდეგ; გადაჭარბებულმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაციები, ფსიქომოტორული აგზნება ან კანზე ალერგიული რეაქციები.

დეკორატიული, ეთერზეთოვანი და თაფლოვანი მცენარეა. არომატული ნაყოფები და სურნელოვანი თესლები კულინარიაში გამოიყენება სურნელოვანი პილპილის შემცვლელად. ფოთლებსა და ნაყოფებს სანელებლად ხმარობენ ხორცისა და თევზეულის კერძებში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები