ხეტეპსეხემუი
ხეტეპსეხემუი – (ეგვ. „ორივე ძალა მშვიდადაა“, დაახლ. ჩვ.წ.-მდე XXVIIIს.), მეორე დინასტიის პირველი ფარაონი. რატომ დამთავრდა კაას გარდაცვალებით პირველი დინასტია, ნათელი არ არის. ცნობილია, რომ ხეტეპსეხემუიმ პატივი მიაგო თავის წინაპარს, რადგან ნივთები მისი საბეჭდავებით ბევრია აღმოჩენილი კაას სამარხის შესაწირი ოთახის მიდამოებში. თვითონ ხეტეპსეხემუიმ დაარღვია წინაპრების ტრადიცია. ის არის პირველი ფარაონი, რომელიც დაიკრძალა არა აბიდოსის, არამედ მემფისის ნეკროპოლისში. მისი უზარმაზარი სამარხი საქქარაში ცარიელი აღმოჩნდა. მისი მეფობის მცირე რაოდენობის არტეფაქტებიდან განსაკუთრებით ცნობილია ქურუმის, ვინმე ხეტეპდიეფის მცირე ზომის ვარდისფერი გრანიტის ქანდაკება, რომელიც, სავარაუდოდ, ხეტეპსეხემუის და ორი მომდევნო ფარაონის გარდაცვლილთა კულტის ქურუმად მსახურობდა. პალერმოს ქვაზე მონაცემები მის შესახებ არ არის.