ხირამ I დიდი
ხირამ I დიდი - (ძვ.წ. 969-936) – ტიროსის მეფე, აბიბაალის ძე. ხირამ I-ს მეფობა ტიროსისთვის აყვავების პერიოდი იყო. ის 34 წლის განმავლობაში განაგებდა ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქს და საზღვაო პორტს. ხირამს მიეწერება ტიროსში გალავანის და ბასტიონების მშენებლობა, ძველი ტაძრების აღდგენა, ახლების აგება.
ხირამ I კვიპროსთან აწარმოებდა ომებს და საბოლოოდ მოახერხა ამ მნიშვნელოვანი კუნძულის დამორჩილება. როდესაც იერუსალიმში დავით იესეს ძე გამეფდა, ხირამმა მასთან ელჩები გააგზავნა, ძღვენი მიართვა და უფლის ტაძრის მშენებლობაში დახმარებასაც შეპირდა. ხირამმა მიაწოდა დავითს მასალა მეფის სასახლისთვისაც. ამ პერიოდში ტიროსსა და ისრაელს შორის ძალიან თბილი ურთიერთობა იყო და გაცხოველებული ვაჭრობა მიმდინარეობდა. ასე გაგრძელდა დავითის ძის, სოლომონის მმართველობისასაც. სოლომონმა კავშირი შეკრა ხირამთან, რომელმაც მას უფლის ტაძრის ასაგებად კედრის და კიპაროსის ხის მასალა, ოქრო, ხელოსნები, დურგლები და ქვისმთლელები გაუგზავნა. სოლომონმა სამაგიეროდ ზეთი და ხორბალი გაუგზავნა და ძვ.წ. 946 წელს გალილეის მხარეში 20 ქალაქი აჩუქა. ეს ქალაქები ხირამს არ მოეწონა, თუმცა ამის გამო სოლომონთან მეგობრობა არ დაურღვეეია. ბიბლიის მიხედვით ხირამმა იერუსალიმის ტაძრის მშენებლობაში ისრაელისთვის დასახმარებლად გაგზავნა განათლებული, გამოცდილი და ნიჭიერი მოხელე, ხირამ-აბია. სწორედ ის მეთაურობდა უფლის ტაძრის მშენებლობას. სწორედ მას თვლიან მასონთა ორდენის ლეგენდარულ შემქმნელად და პირველ ოსტატად.
მეფე ხირამ I დიდი ძვ.წ. 936 წელს გარდაიცვალა და ის ტიროსში დაკრძალეს.