ხოდაშნელი შოთა
ხოდაშნელი შოთა – (1938 – 2018), პოეტი, ნამდვილი გვარი – კონსტანტინიდი. დაიბადა თელავში. პირველი ლექსი 14 წლის ასაკში დაწერა, 18 წლისამ კი ლექსი ახმეტის გაზეთ „ბახტრიონში“ გამოაქვეყნა. 1956 წელს, აწყურის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა: საზოგადოება „ცოდნის“ ლექტორად, ლიტერატურის ინსტიტუტში ფოლკლორისტად, კინემატოგრაფიის კომიტეტის უფროს ინსპექტორად, ჟურნალ „დილას“ რედაქტორის მოადგილედ, მხატვრული ლიტერატურის პროპაგანდის ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ საბავშვო კაბადონების რედაქტორად; შოთა ხოდაშნელმა 1967 წელს, ცნობილ სახალხო მოღვაწესთან, გიორგი შათირიშვილთან ერთად, სახალხო ზეიმს „შოთაობას“ ჩაუყარა საფუძველი.
გამოცემული აქვს ლექსების და ნარკვევების ასამდე წიგნი (მათ შორისაა: „ნაცნობი ბილიკი“, „გზა“, „შენ ჩემო დიდო იმედო“, „კოშკო, ნაგებო კირითა“, „მზევ დაფენილო დილითა“, „გმირნო, მამულის მადიდნო“, „რა ნისლი მოგიხვევია“, „ფიროსმანი“, „ჩარგალში“, „ცავ, წმინდავ, ვარსკვლავიანო“, „გმირები და ერისკაცები“) იგი გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით – ზეპირად იცის განუსაზღვრელი რაოდენობის ლექსი და 55 პოემა. 2003 წელს შოთა ხოდაშნელი, თავისი უნიკალური ნიჭის გამო, გინესის რეკორდებში მოხვდა, იგი 12 საათის განმავლობაში შეუსვენებლივ კითხულობდა „ვეფხისტყაოსანს“. მისი საბავშვო კრებული ენის გასატეხი ქართულ ანბანზე: „უკვდავია ჩვენი სიტყვა” ქართველი ლოგოპედების სახელმძღვანელოა. მანვე შექმნა და დასტამბა ენის გასატეხები ქართულ ანბანზე.
- * * *
- – „დაგაგვიანდა“ – მითხარ და მერე
- თვალები უცებ მოგიწყლიანდა.
- – „დამაგვიანდა?“ – ვკითხე მაგ ხელებს.
- ხელებმა მითხრეს – „დაგაგვიანდა“...
- გული თუ ნატრობს ათას სიცოცხლეს,
- გულმა მოასწრო აგრიალება!
- – სიყვარულისთვის – უნდა, იცოდე,
- რომ არ არსებობს დაგვიანება!..