ხორხის იზოლირებული დამბლები
ხორხის იზოლირებული დამბლები — ამ პათოლოგიის ეტიოლოგიური კვლევა საკმაოდ რთულია და მოითხოვს დიდ გამოცდილებას.
ტვინის ღეროს დონეზე განვითარებული რეკურენსის პარეზი, როგორც წესი, გამოწვეულია ამიოტროპული ლატერალური სკლეროზით. შესაძლოა ვირუსული, სიმსივნოვანი და სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიები. როგორც წესი, ამ დონეზე განვითარებული პარეზი ორმხრივია თუმცა, ცალმხრივი შემთხვევებიც არის აღწერილი.
ტვინის ღეროდან გამომავალი ცდომილი ნერვის (n. Vagus) დონიდან, შებრუნებითი ნერვის შეერთების დონემდე, (პონტო-ცერებელური მიდამოდან კისერსა და მედიასტინუმამდე), ნებისმიერი სიმსივნოვანი არატრავმული პროცესი გავლენას ახდენს ხორხის მოძრაობაზე შებრუნებითი ნერვის დაზიანების გამო.
ანატომიურად, მარცხენა შებრუნებითი ნერვი საწყისს იღებს სხეულის თორაკალურ ნაწილში. ხოლო მარჯვენა შებრუნებითი ნერვი – კისრის ქვედა ნაწილში გამოეყოფა ცდომილ ნერვს და ზემოთ ადის. ამიტომ შუასაყარის მიდამოს სიმსივნეები ხორხის მარცხენამხრივ პარეზს იწვევენ და ბრონქო-პულმონალური კიბო ხშირად დისფონიით ვლინდება. კისრის მარჯვენა ნაწილის ადენოპათია ან კომპრესიული დაავადება კი მარჯვენამხრივ ლარინგეალურ პარეზს იწვევს. საყლაპავის და ფარისებრი ჯირკვლის კიბო, შესაძლოა, ორმხრივი ან ცალმხრივი დამბლის მიზეზი გახდეს. თუმცა, არ არის აუცილებელი სისმსივნის ავთვისებიანი ხასიათი. პარეზი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც თორაკალური, ასევე თირეოიდული ოპერაციების შემდგომ, ნერვის დაზიანებით.
ორმხრივი პარეზები აღნიშნული მიდამოს დაზიანების დროს ვლინდება.
ახალშობილებში, ხორხის პარეზის ეტიოლოგია სულ სხვაგვარია. მას იწვევს მშობიარობის დროს მიღებული ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმები.
სარჩევი |
ფიზიოლოგია
პარეზების ფიზიოლოგიის შესწავლა აუცილებელია ამ დაავადების სიმპტომების დასადგენად და ქირურგიული მკურნალობის ტაქტიკის შესამუშავებლად.
პარეზების გავლენის ხარისხი ხმაზე და სუნთქვაზე, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
- — პარეზის მხარეზე (ორმხრივი თუ ცალმხრივი);
- — პარეზის ხარისხზე (ტოტალური თუ ნაწილობრივი). ნაწილობრივის დროს ხმოვანი იოგი დამხურავ ფუნქციას ინარჩუნებს და მხოლოდ გამზიდველი ფუნქცია აქვს დაკარგული. ტოტალურისას კი ორივე ფუნქცია დაკარგულია;
- — ხმოვანი იოგების იმობილიზაციის მდგომარეობაზე – პარამედიალური (დახურული ყია) ან ინტერმედიალური (გახსნილი ყია);
ფიზიოლოგიური დარღვევების გამოვლენა
ფონაცია მოითხოვს დაჭიმულ მდგომარეობაში მყოფი ხმოვანი იოგების ერთმანეთთან შეხებას. ამიტომ ხმა შეიძლება შენარჩუნებული იყოს ცალმხრივი პარეზის დროსაც, მედიალურ ან პარამედიალურ პოზიციაში. ამ შემთხვევაში, მეორე მხარე, ჰიპერადუქციის ფუნქციით, ახერხებს საპირისპირო მხარის პარეზის კომპენსირებას.
გამზიდველელი კუნთების ცალმხრივი ან ორმხრივი პარეზის დროს, როდესაც იოგები ან იოგი ინტერმედიალურ მდგომარეობაშია, ვლინდება ან დისფონია ან აფონია – ყიიდან გამოდევნილი ჰაერის გადამეტებული ნაკადის გამო.
სუნთქვა მაშინ არის სრული, როდესაც ყიის (glottis) ნაპრალი საკმარისად ფართოა და კარგად ატარებს ჰაერს.
ცალმხრივი პარეზები, როგორც წესი, არ იწვევენ სუნთქვის გაძნელებას. ისინი ახალშობილებში ფიზიკური დატვირთვის დროს ვლინდება.
ორმხრივი პარეზები ხშირად იწვევს დისპნოეს, როგორც ყიის შემცირებული ფართის, ასევე გადაცდომების გამო განვითარებული პნევმონიის და უცხო სხეულის შედეგად წარმოქმნილი ობსტრუქციის გამო. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი შესაძლოა უეცრად ასფიქსიაშიც ჩავარდეს და ამის მიზეზი ვირუსი ან ფიზიკური დატვირთვა გახდეს.
ფიზიოლოგიური დარღვევების გამოვლინება
პარეზი – იგი უსიმპტომოა. შეიძლება აღმოვაჩინოთ ოტოლარინგოლოგთან რაიმე სხვა მიზეზით მისული პაციენტის გასინჯვისას.
დისფონია – დღის ბილოს, პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს დაღლის გამო განვითარებული დისფონია. ასევე, დამახასიათებელია ქრონიკული, ბიტონალური დისფონია. ამ დროს აუცილებელია ლარინგოსკოპია. აფონია შესაძლოა განვითარდეს მხოლოდ ორმხრივი და ტოტალური პარეზის დროს.
დისპნოე – იგი შეიძლება გამოხატული იყოს ფიზიკური დატვირთვისას განვითარებული სუნთქვის უკმარისობით და ასევე, მწვავე უკმარისობით. ამ დროს, საჭიროა სასწრაფო ინტუბაცია ან ტრაქეოტომია.
გამოკვლევები
დათვალიერება შეიძლება განხორციელდეს ძველი მეთოდით – სარკის მეშვეობით. თუმცა, ეს გამოკვლევა ცოტათი მოძველებულია და პაციენტისათვის არასასიამოვნო მანიპულაციებს გულისხმობს, როგორიცაა – ენის გამოქაჩვა, ღებინების რეფლექსის გამძაფრება და ხველა.
დღეს მიღებულია ნაზოფიბროსკოპიული დათვალიერება, რომელიც უფრო კარგად და ნაკლებინვაზიურად გვაძლევს საშუალებას დავათვალიეროთ ხახა-ხორხი და ასევე, ჩავიწეროთ ვიდეო ანფოტო მასალა, რითაც, საკონტროლო გასინჯვისას, დინამიკაში განვითარებულ მოვლენებს დავაფიქსირებთ.
როდესაც საქმე ეხება ხმის რეაბილიტაციას, აუცილებელია გამოკვლევა ჩატარდეს ფონიატრთან, სტრობოსკოპიული ტექნიკით, რომელიც შენელებული და დეტალური ანალიზის განხორციელების საშუალებას იძლევა.
ხორხის დათვალიერებისას, ასევე აუცილებელია ხახის, პირის ღრუს და მათი მოძრაობის შეფასება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაისვას საბოლოო დიაგნოზი და დადგინდეს მკურნალობის ტაქტიკა.]]
დიფერენციალური დიაგნოზი
ლარინგეალური პარეზების დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს, უნდა მოხდეს ისეთი დაავადებების გამიჯვნა, როგორიც არის სიმსივნოვანი იმობილიზაცია, ციცხვისებრი ხრტილების (arhytenoides) შესახსრების ანკილოზი და ამოვარდნილობა.
ასეთი პათოლოგია შესაძლოა განვითარდეს ხორხის ტრავმების და ასევე, პოსტინტუბაციური დაზიანების (luxatio) შემდეგ. დიფერენციალურ დიაგნოსტიკას ძალიან ეხმარება სტრობოსკოპია და მიოგრაფია რის შემდეგაც, შესაძლებელი ხდება ზუსტი მიზეზის დადგენა.
მკურნალობა
მკურნალობის ჩატარება მხოლოდ გამოხატული დისფონიის და დისპნოეს შემთხვევაში უნდა მოხდეს. თუ პარეზი კომპენსირებულია, არანაირი ჩარევა არ არის გამართლებული.
დისფონიის რეაბილიტაცია, როგორც წესი, ფონიატრიული ჩარევით ან, უკიდურეს შემთხვევაში, ენდოსკოპიურად, ხმოვანი იოგების ინექციით ხდება. ისეთი მოძველებული მეთოდიკა, როგორიცაა გარეგანი მიდგომით ცალმხრივი იოგის მედიალიზაცია, როგორც წესი, აღარ გამოიყენება.
დისპნოეს შემთხვევაში, სუნთქვის აღდგენა ხდება ენდოსკოპიური მიდგომით – კორდექტომიის ან არითენოიდექტომიის საშუალებით. თუ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე და უიმედო პროგნოზის მქონე პაციენტთან, ტრაქეოტომიაც შეიძლება კარგი გამოსავალი იყოს.
ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილება უნდა იყოს კარგად გააზრებული. საბოლოო მდგომარეობის შეფასება 5-6 თვის მანძილზე არ უნდა ჩაითვალოს სრულყოფილად, რადგანაც შესაძლებელია გვიანი კომპენსაციური შედეგის დადგომაც.
ასევე, აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება მულტიდისციპლინური კონსილიუმის შედეგად – ფონიატრის, ოტო-ლარინგოლოგის, თერაპევტის და რაც მთავარია, პაციენტის მონაწილეობით.
NOTA BENE
|