ხრახნული შეერთება
ხრახნული შეერთება − შეერთების სახე, როდესაც ორივე შესაერთებელი დეტალის ზედაპირზე ხრახნია (კუთხვილია) მოჭრილი. კლასიფიკაციის მიხედვით არსებობს ხრახნული შეერთების ორი ძირითადი ჯგუფი:
1) როდესაც ერთი დეტალი უშუალოდ ეხრახნება მეორეს;
2) როდესაც ხრახნულ შეერთებაში გამოიყენება დამატებითი დეტალები ჭანჭიკების, შურუპების და წკირების სახით.
ხრახნული შეერთება გამოირჩევა ტექნოლოგიურობით, უნივერსალობით, საიმედოობით, მასობრიობით, ადვილშეცვლადობითა და სხვ., თუმცა მუშაობაში გასათვალისწინებულია ის, რომ ასეთ შეერთებას, ცვლადი დატვირთვების მოქმედებისას, სპეციალური ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, ახასიათებს თვითმოშვება (თვითამოხრახნვა); ნახვრეტები დეტალებში იწვევს ძაბვების არასასურველ კონცენტრაციას; ხშირად შეერთება საჭიროებს შემჭიდროებას (ჰერმეტულობას), რაც მოითხოვს დამატებით ტექნიკურ გადაწყვეტებს და სხვ. თვითმოშვების საწინააღმდეგო ღონისძიებებს მიეკუთვნება: კონტრქანჩის, ჭილიბყურას, მავთულის, ზამბარული ან საანკერო საყელურის, რჩილვის, წერტვის და მისთ. გამოყენება, აგრეთვე კუთხვილზე წებოს, ლაქის, საღებავის დატანა.