ხურცია ნოკო
ნოკო (მოსე) ხურცია – 15 თებერვალი 1905, სოფ. მენჯი, სენაკის რ-ნი – 26 ოქტომბერი 1949, თბილისი), ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი (ტენორი) და ლოტბარი. საქართველოს დამსახურებული არტისტი.
1932 ხურციამ დაამთავრა თბილისის სასულიერო−სამეცნიერო ინსტიტუტი. ერთხანს მუშაობდა სპეციალობის მიხედვით. 1936-48 მღეროდა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. ფლობდა ლამაზ და ძლიერ ხმას, გამოირჩეოდა მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით. პარალელურად, როგორც კონსულტანტი და ლოტბარი, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და ქალაქში, აყალიბებდა და ხელმძღვანელობდა საგუნდო კოლექტივებს. ხურცია რამდენიმე სიმღერის ავტორია. მან აღადგინა და დაამუშავა არაერთი ძველი ხალხური სიმღერა (მათ შორის „უტუს ლაშქრული“, „ოდოია“, „ჰარირა“, „აბა დარეჯან” და სხვ.).