ხუციშვილი თამაზ
თამაზ ხუციშვილი − ქართველი მხატვარი. დაიბადა 1943 წლსი 19 აპრილს ქ. თბილისში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სამხატრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი (ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნო). 1967-1999 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სამხატვრო აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1988 წელს პეკინის სამხატვრო ინსტიტუტიში; სტუდენტობის პეროოდიდან მონაწილეობა მიღო გამოფენაში.
თამაზ ხუციშვილი იმ მხატვართა წრეს განეკუთვნება, რომლებიც ფერის ტონალურ შესაძლებლობათა სრულყოფილად გამოვლენისაკენ ისწრაფვიან და უშუალოდ აგრძელებენ ქართული რეალისტური ფერწერის შემოქმედებით ტრადიციებს. მისი მხატვრული ხედვა წლების მანძილზე განიცდის თავისებურ სტილისტურ ევოლუციას, რაც ნათლად ამჟღავნებს ავტორის შემოქმედებითი ძიებების სხვადასხვა ასპექტებს. კერძოდ, 1970-იანი წლების ექსპრესიული, პასტოზური მანერა კონტრასტულ ფერთა ემოციური ძალით წარმოჩენას და განზოგადებული მხატვრული სახის მძაფრ გამოვლენას ემსახურება. 1980-90-იან წლებში წერის უფრო გლუვი მანერით შესრულებულ ნამუშევრებში უპირატესად რეალისტური მიდგომა იკვეთება. მრავალფეროვანი ტონალური გრადაციები, ეფექტური განათება, დახვეწილი ნახატი ორგანულ მთლიანობაშია მოყვანილი, რაც აკადემიური სიზუსტით შესრულებულ ამ ნაწარმოებებს ერთგვარი ლირიკული განწყობით აღავსებს. 1990-2000-იან წლებში შექმნილი ნიმუშების თავისებურებები — თხელფენოვანი წერის მანერა, პლასტიკური ფორმების გულმოდგინე დამუშავება, გრაფიკული ხაზის მეტყველება ე.წ. სალონური აკადემიზმის ნიშნებს ავლენს.
თ. ხუციშვილის მხატვრული მეთოდი ეფუძნება აკადემიურ-რეალისტურ სტილს. სივრცისა და ფორმის პლასტიკური ძერწვის ძირითად ხერხს ფერთა ფაქიზი ტონალური გადასვლები, ოსტატური შუქ-ჩრდილოვანი მოდელირება, საგნობრივ-მოცულობითი გამომსახველობა განსაზღვრავს. ფერი ავტორის თვითგამოხატვის ძირითადი საშუალებაა, იგი მისთვის არა მხოლოდ ფორმათქმნადობის უმთავრესი კომპონენტი, არამედ კომპოზიციური მთლიანობისა და ემოციური მეტყველების უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია. ფერწერულ-კოლორისტულ და კომპოზიციურ საწყისებთან ერთად ავტორის სახვითი ენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია განათება, რომელიც გარკვეულწილად თეატრალური მხატვრობის სპეციფიკას ეფუძნება, იგი მკაფიოდ გამოკვეთს არსებითს — ახასიათებს მხატვრულ სახეს, აკონკრეტებს საგნებს, დეტალებს. მოვლენების ამგვარი გააზრება ავტორის ინდივიდუალური განცდით არის განპირობებული. თ. ხუციშვილის მხატვრობა გამოირჩევა ფერწერული ენის ორგანული შეგრძნებით, ტონალურად მდიდარი პალიტრა, დახვეწილი გამა, წერის თავისუფალი მანერა თუ ტილოს ზედაპიროს მეტყველი ფაქტურა ხელოვანის საუკეთესო ნაწარმოებებს განსაკუთრებულ გამომსახველობას ანიჭებს.
თამაზ ხუციშვილის ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერიაში, ღმოსავლეთის და აღმოსავლეთისა ხალხთა ხელოვნების მუზეუმში და კერძო კოლექციებში.