ჯაბადარის დრამატული სტუდია (1918-1920)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯაბადარის დრამატული სტუდია (1918-1920) — 1918 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა წერილები „ქართული თეატრის აღორძინება“, რომელიც ქართული დრამატული სტუდიის მიერ სასცენო ხელოვნების სტუდიის დაარსებას იუწყებოდა. ქართულ დრამატულ წრეს საფრანგეთიდან ჩამოსული ანტუანის თეატრის რეჟისორი გიორგი ჯაბადარი ჩაუდგა სათავეში.

სტუდია-თეატრი მდებარეობდა მაშინდელ ფრეილინის ქუჩაზე, სადაც, დამწყები მსახიობებთან ერთად, გამოცდილი, იმ დროს სახელმოხვეჭილი მსახიობები და რეჟისორებიც მოღვაწეობდნენ. სტუდიის ხელმძღვანელი გიორგი ჯაბადარი ფრანგული კლასიკური სამსახიობო ტექნიკის მომხრე იყო, რაც ხმისა და სუნთქვის სწორ დაყენებას გულისხმობდა, თუმცა ბუნებრივ, ცხოვრებაში დაყენებულ კილოსაც ემხრობოდა. ჯაბადარის სტუდიის რეპერტუარი დეკადენტური პიესებისაგან შედგებოდა.

1919 სტუდიას ეწოდა „საქართველოს ცენტრალური კოოპერატივთა კავშირის ქართული დრამატული სტუდია“, რადგან კოოპერაციის დახმარებით ფინანსდებოდა. მალევე თეატრალურ სივრცეში წარმოიქმნა დავა. გიორგი ჯაბადარს დრამატული სტუდია დარჩა უბინაოდ და უსახსროდ. რეპეტიციები – ფრეილინის ქუჩაზე, წარმოდგენები კი ქართული კლუბის სცენაზე იდგმებოდა. თვეში ერთხელ ან ორჯერ - რუსული თეატრის ე.წ. „ტარტოს“ არტისტული საზოგადოების შენობაში.

დაიდგა:

  • ბრიეს „სარწმუნოება“;
  • როსტანის „რომანტიკოსები“;
  • ჯაკოს „ვითა ფოთლები“;
  • ჰაუპტ-მანის „ჰანელე“;
  • შ. შარაშიძის „ავგაროზი“;
  • ი. გედევანიშვილის „სინათლე“.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

დ. ანთაძე, დღეები ახლო წარსულისა, თბ., 1962.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები