ჯავახაძე ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ ჯავახაძე

ჯავახაძე ვახტანგ − (1932), ქართველი პოეტი. დაიბადა ქუთაისში. 1951 წელს დაამთავრა ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა. 1956 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გამომცემლობა „სახელგამში” მხატვრული ლიტერატურის რედაქციის რედაქტორად. გამომცემლობა „საქართველოს” მთავარი რედაქტორია 1980 წლიდან. ლექსებს აქვეყნებს 1952 წლიდან, გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „საყვარელი ქარები” (1959), „ლექსები” (1959), „ნაწვიმარი ქუჩები” (1963), „სამხრეთი” (1970), „მეშვიდე” (1974), „მარტი, აპრილი, მაისი” (1977), „შედარება” (1980), „მომიკითხე ზღვა” (1988), „ვახტანგური” (1995). თარგმნილი აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხთა და მსოფლიო პოეზიის ბევრი გამოჩენილი პოეტის ლექსები.


* * *
სახლი თვითონ არ შენდება,
სახლი თვითონ ინგრევა,
კახურად რომ მოუქცევენ,
ახლა ზუსტად ინგრე ვარ:
ვინგრევი და კედლებივით
მიმძიმდება სხეული −
ჩემი ჩამონგრეული და
ჩემი გადანგრეული.
მინანქარი მებზარება,
როგორც ნამინანქრევი
და ერთმანეთს ვემსგავსებით
მე და ჩემი ნანგრევი.
როგორც ნელა ამიშენდა,
ისე სწრაფად მენგრევა,
აქაც ვარ და იქაც ვარ და
ახლა უკვე ეგრე ვარ:
ვერა, ვერ წავიმღერე და
ვერა, ვერ წავიხემსე -
ეჭვების და ეკლების და
ეგეთების რიყეზე.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები