ჯალაღონია ზაალ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯალაღონია ზაალ − (1981), პოეტი და მთრგმნელი. დაიბადა სოფელი კირცხში (ჩხოროწყუ). 2002 წელს დაამთავრა თსუ-ს ზუგდიდის ფილიალი და სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, უახლესი ლიტერატურის ფაკულტეტზე. ზაალ ჯალაღონია არის ორი პოეტური კრებულის ავტორი (მათ შორის − „დაბადებული ემბრიონები”). გამოცემული აქვს ლიტერატურული ნაშრომი ოთარ ჭილაძის „გოდორთან” დაკავშირებით. თარგმნილი აქვს ინგლისური პოეზიის არაერთი წარმომადგენლის ლექსი.
- * * *
- შენს თვალებში იჭექებს,
- მოულოდნელად იწვიმებს კიდეც.
- მე კი შეშინებული, შენი წამწამების
- ცას შევეფარები, ელვაში შევირბენ.
- ტანში ვიგრძნობ ჩხვლეტას,
- ლერწამივით გადავხრი შენკენ ღამეს.
- იქიდან, საიდანაც ფეხის ხმა ძლიერდება,
- ნაყოფი მწიფს,
- და აკვანივით ირწევა გზა,
- სიტყვის მდინარე ფართოვდება,
- სიტყვის მდინარე ფართოვდება,
- სიტყვის მდინარე ფართოვდება
- და თმას უვარცხნის ღრუბლებს.
- ჩემი ნათლის გულიდან
- ამოვისვრი აღტაცებას,
- მაღლა დავკიდებ
- ფრთაგაშლილი ორბივით.