ჯანაშია სიმონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიმონ ჯანაშია

სიმონ ჯანაშია – (დ. 13 (26) ივლისი 1900, სოფ. მაკვანეთი, ოზურგეთის რ-ნი, – გ. 15 იანვარი 1947, თბილისი, დაკრძალულია მთაწმინდაზე), ისტორიკოსი, ენათმეცნიერი ქართველურ და მთის იბერიულ- კავკასიურ ენათა სპეციალისტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი (1941), აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1941–47), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1942), ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1938), პროფესორი (1925), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).

1922 დაამთავრა თსუ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ორი განხრით: ისტორიულითა და ენათმეცნიერულით; ი. ჯავახიშვილის წარდგინებით დატოვებულ იქნა საპროფესოროდ მოსამზადებლად. სიმონ ჯანაშია სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თსუ-ში (1926-47); იყო საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე (1935–46), ენიმკის (1936–41), ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის (1941-47), ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი (1941-43). სამეცნიერო მომზადება გაიარა ი. ყიფშიძის, ა. შანიძის, გ. ახვლედიანისა და სხვ. ხელმძღვანელობით. 1923-იდან აქტიურად მონაწილეობდა საენათმეცნიერო საზოგადოების დაარსებასა და მუშაობაში; 1926-იდან მუშაობდა ტერმინოლოგიურ კომისიაში, სიმონ ჯანაშიას დაინტერესება ქართული სალიტერატურო ენის განვითარებისა და ნორმალიზაციის საკითხებით გამოიკვეთა ჯერ კიდევ მის სადიპლომო ენათმეცნიერულ ნაშრომში („შეთანხმებისა და მართვის წესები ქართლის მოქცევაში“). მის მიერ სხვადასხვა დროს (1932–36) შემუშავებულ ენობრივ ნორმათაგან სამი შესულია „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებშიI (1970). I946-47 სიმონ ჯანაშია იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის თავმჯდომარე: ეკუთვნის „თანამედროვე ქართული ენის სალიტერატურო ერთიანი სავალდებულო ნორმების დადგენის პრინციპები“ (1946); იყო „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ კომისიის წევრი.

ქართულ-ქართველურ ენათა გარდა, სიმონ ჯანაშია იკვლევდა მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ისტორიის და სტრუქტურის საკითხებს. მის ერთ-ერთ პირველ გამოკვლევას „კიდევ ერთი ნაშთი ხანმეტობისა თანამედროვე ქართულში“ (1923) მოჰყვა 180-ზე მეტი შრომა და მისივე რედაქციით გამოცემული 50-მდე ნაშრომი (მათ შორის ა. შანიძის, არნ. ჩიქობავას, გ. წერეთლის, პ. ინგოროყვას, მ. ხუბუას საენათმეცნიერო ნაშრომები).სიმონ ჯანაშიას რედაქციით გამოვიდა (1941) შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ დ. გულიასეული აფხაზური თარგმანი. მასვე ეკუთვნის (დ. გულიასთან თანაავტორობით) „ქართული ენა აფხაზური სკოლებისათვის“ (3 გამოც. – 1938, 1939, 1944).

სიმონ ჯანაშიას ქართულ და ქართველურ ენებისადმი მიძღვნილ ნაშრომთაგან აღსანიშნავია „მრავლობითი რიცხვის -თა, -თ სუფიქსის ეტიმოლოგიისათვის“; შრომაში „სვანურ-ადიღეური (ჩერქეზული) ენობრივი შეხვედრები“ (1942) ქართველურ და ადიღურ ენათა სხვადასხვა პარალელებია დაძებნილი; ნაშრომში, „ჩერქეზული (ადიღური) ელემენტი საქართველოს ტოპონიმიკაში“ (1940) გარკვეულია ზოგი ქართული ტოპონიმის ისტორია და სხვ. სიმონ ჯანაშიამ მნიშვნელოვანი შრომები უძღვნა ქართული ისტორიულ-კულტურული ტერმინების, გვარსახელთა, გეოგრაფიულ თუ სატომო სახელთა გავრცელებას, წარმომავლობასა და ეტიმოლოგიებს. ამ მხრივ გამოსარჩევია: „თაბალ-თუბალი-ტიბარენი, იბერი“ (1937), „ბარათაშვილთა გენეალოგიისათვის“ (1939), „ეგნატე ინგოროყვას გენეალოგიისათვის“ და სხვ. მან კრიტიკულად შეისწავლა და გამოსცა (1925) ძველი ქართული ტექსტი „ცხორებაჲ საბა ასურისაჲ“. სიმონ ჯანაშიასავე ეკუთვნის გამოკვლევები „ვეფხისტყაოსნის“, გ. შარვაშიძის, ს.გორგაძის, მ. ჯანაშვილისა და სხვ. შესახებ.

სიმონ ჯანაშია ჩვენში პირველთაგანია, ვინც მთის იბერიულ-კავკასიურ ენებს სწავლობდა ადგილზე, საველე პირობებში; ჯერ კიდევ სტუდენტობიდან, 1921-იდან, მან დაიწყო აფხაზური ხალხური სიტყვიერების ნიმუშების შეგროვება, 1929-იდან კი – აფხაზურ ადიღური, ნახური და დაღესტნური ენებისა. სიმონ ჯანაშია ითელება აფხაზურ ადიღურ ენათა მეცნიერული შესწავლის ფუძემდებლად. მის ნაშრომებში განხილულია ქართველურ და აფხაზურ-ადიღურ ენათა ფონეტიკა-მორფოლოგია, სინტაქსისა და ლექსიკის საკითხები. ენათა ნარევობის პრობლემა, ქართველურ ენათა ისტორიულ-გენეტიკური ურთიერთობა სხვა იბერიულ-კავკასიურ ენებთან, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ამ ენათა ურთიერთობა ძველი აღმოსავლეთის მკვიდრთა – ხეთა-სუბარების, ხალდების ენებთან. ენობრივ სინამდვილეს სიმონ ჯანაშია იკვლევდა როგორც ისტორიისათვის დამხმარე აუცილებელ მასალას და, აგრეთვე, როგორც დამოუკიდებელ ლინგვისტურ ობიექტს.

სიმონ ჯანაშია იყო ორგზის სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1943, 1917); მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

გ. ბურჭულაძე


ლიტერატურა

  • თოფურია ვ. ს. ჯანაშია როგორც ენათმეცნიერი. – აკად. ს. ჯანაშია თბ., 1949;
  • მესხია შ. საქართველოს ისტორიის გამოჩენილი მკვლევარი. თბ. 1960;
  • სიმონ ჯანაშია (1900–1947); ბიობიბლიოგრაფია, შემდეგ: მ. ბირკავა. ე. დოლიძე. თბ. 1976;
  • ლომთათიძე ქ. ს. ჯანაშია – ენათმეცნიერი. – «იკე». XXIV, თბ. 1985;
  • ლორთქიფანიძე მ. ჯანაშია სიმონ ნიკოლოზის ძე. – ქსე. ტ. 11, თბ., 1987.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები