ჯანგულაშვილი თეიმურაზ
ჯანგულაშვილი თეიმურაზ − (1923 − 1996), ქართველი პოეტი. დაიბადა საგარეჯოში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ თავი დაანება სწავლას მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე და გაემგზავრა ფრონტზე. 1951 წელს იყო კულტურის რაიონული განყოფილების გამგე, 1951-1958 წწ. − მწერალთა კავშირის კლუბის დირექტორი, ხოლო 1958-1966 წლებში გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს” პოეზიის განყოფილების გამგე, 1968 წლიდან კი „წიგნის სამყაროს” რედაქტორი. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1937 წელს რაიონულ გაზეთში. პირველი კრებული − „ცხრაასორმოცდახუთი“ − გამოსცა 1948 წელს. მასვე ეკუთვნის კრებულები: „მაისი ოდერზე“ (1956 წ), „ლექსები“ (1957 წ), „მეოთხედი საუკუნის გადასარბენზე“ (1965 წ), „შუააზიური ჩანაწერები“ (1970 წ), „ზღვისა და მიწის ლეგენდა“ (1971 წ), „აღმართი“ (1977 წ), „ლექსები“ (1980 წ), „იმედის ზვრები“ (1983 წ). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
- შენ გლოცულობდი
- შენებრ კეკლუცი, შენებრ ლამაზი,
- ეს საინგილო − ძველი ჰერეთი,
- მტკავლის დადება ნედლი ხმელეთი
- მღერის თავისი ზვრით და ღელეთი.
- შენსავით მღერის. შენს წინა ვდგავარ
- ამ სილამაზით დამუნჯებული,
- მეხდაკვესებულ მუგუზალს ვგავარ,
- მკერდს მინგრევს გული გაურჩებული.
- ღობის გაღმიდან მოქრის ნიავი,
- სავსე ღაწვები იწვის გიზგიზით
- და ერთი მუჭა მწიფე ქლიავი
- გადმომიყარე სიცილ-კისკისით.
- მე თუ მეძებდნენ შენი თვალები,
- თუმც ჩემზე კარგი ვაჟიც გერგება,
- მითხარ და ქართლის ტურფა ქალები
- გამომყვებიან შენთან ჰენგებად*.
- ქართულად მღერი, საქართველოზე
- და ცისარტყელის ქამანდას იქნევ,
- შენ გლოცულობდი.... რათ არ მელოზე, −
- ერეკლე მეფეს შენ შეხვდი იქნებ.