ჯანელიძე ჯანო
ჯანელიძე ჯანო − (1933 − 2009), ნამდვილი სახელი − ვლადიმერი. ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ მარანში (აბაშა). 1962 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პარალელურად აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლში იყო სოლისტი-მოცეკვავე. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქორეოგრაფად. იყო ალმანახ „რიწისა” და გაზეთების „კოლხური დიადემისა” და „ოქროს საწმისის” მთავარი რედაქტორი, მუშაობდა აფხაზეთის განათლების მინისტრის პოსტზე, ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1951 წელს. ეკუთვნის 50 პოეტური და პროზაული კრებული: „სიცარიელე ძველ სანგრებში“ (1966 წ), „თიბათვე“ (1968 წ), „ოქროსფერი ქვაფენილები“ (1970 წ), „არდავიწყება“ (1972 წ), „იდუმალება“ (1974 წ), „სიზმრის სარკმელი“ (1981 წ), „რჩეული“ (1983 წ), „ეკლიანი გვირგვინები“ (1985 წ) და სხვა. დევნილობაში მყოფი, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აფხაზეთის შემოქმედთა კავშირს ხელმძღვანელობდა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
- დიოსკურიასთან
- ვარ ჩაძირული მეც შენთან ერთად
- და დარდი თავზე ჯვარივით მადგას,
- ღამდება ლურჯად, თენდება თეთრად
- და იცრიცება ზღვის ვრცელი ფარდა.
- შენი სიმღერა და შენი სული
- ფერად ნიჟარის ხმაურში მიწვა,
- ამოდის მთვარე სიჩუმით სრულით
- და გულზე გაბჯენს ოქროსფერ ფიწალს.
- და მელანდება მეც ზღვის სილურჯე,
- როგორც საფლავი მარადის ღია,
- ჯერ კი მკურნავს და ტკივილს მიყუჩებს
- და ლურჯი ფრთებით სიმღერა მიაქვს.