ჯაყელი ყვარყვარე IV
ყვარყვარე IV ჯაყელი სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი 1574-81. ქაიხოსრო II-ის ძე. ათაბაგი გახდა მამის გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი დედამისი, ქაიხოსრო II-ის ქვრივი, ენერგიული პოლიტიკური მოღვაწე და ძალაუფლების მოყვარული ქალი – დედისიმედი იყო.
1570 წლის ივნისში დაიწყო შიდა ფეოდალური ბრძოლა ათაბაგებსა და სამცხე-საათაბაგოს უძლიერეს ფეოდალურ საგვარეულოს – შალიკაშვილებს შორის, რომელთაც დიასამიძეები და სხვა საგვარეულოები უჭერდნენ მხარს. თავადებს ათაბაგთა სახლის წევრების ამოწყვეტა და მათი ყმობისგან გათავისუფლება სურდათ, 1578 წლის იანვრისათვის აჯანყებულთა მთავარი ციხესიმაგრეები ჯაყელებს დაპყრობილი ჰქონდათ, მაგრამ შინაომი ისევ გრძელდებოდა. თანაც, ყვარყვარე IV-ს ხელისუფლებისათვის მისი უმცროსი ძმა მანუჩარიც ებრძოდა. ასეთი იყო ვითარება სამცხე-საათაბაგოში, როცა ირან-ოსმალეთის ახალი ომი დაიწყო. ოსმალეთის ჯარის მთავარსარდალმა მუსტაფა ლალა-ფაშამ სამთავროს შიგნით არსებული წინააღმდეგობის თავის სასარგებლოდ გამოყენება სცადა. იგი მანუჩარს დაუკავშირდა და შეჰპირდა, რომ ოსმალეთის ვასალობისა და ერთგულების შემთხვევაში მთელ სამცხე-საათაბაგოს დაუმტკიცებდა. 1578 წლის 9 აგვისტოს ჩილდირის ველზე გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა ოსმალებსა და ყიზილბაშებს შორის, რომელშიც ოსმალებმა გაიმარჯვეს. გამარჯვების შემდეგ მანუჩარი მუსტაფა ლალა-ფაშას ეახლა და ვასალობა-მოხარკეობა აღუთქვა. მანუჩარის იმედები არ გამართლდა. ოსმალებმა სამცხე-საათაბაგო სანჯაყებად დაანაწილეს. მანუჩარს ხახულის სანჯაყი დაუმტკიცეს. ხოლო ყვარყვარე IV-ს ოლთისის სანჯაყი ებოძა. ჩილდირის ბრძოლის შემდეგ ოსმალებმა ახალციხეც დაიკავეს. 1578 წლის ოქტომბერში ყვარყვარე IV და დედისიმედი მუსტაფა ლალა-ფაშას ეახლნენ და მორჩილება გამოუცხადეს. ფაშამ ყვარყვარე IV და მანუჩარი თან წაიყვანა და 1578 წლის ნოემბერში არზრუმში დაბრუნდა. 1579 წლის გაზაფხულზე სულთან მურად II-ის მოთხოვნით ყვარყვარე IV და მანუჩარი სტამბოლში გაემგზავრნენ, სადაც 3 ივნისს ჩავიდნენ ოსმალეთის მთავრობა ისინი დიდი პატივით მიიღო, მაგრამ ეს საქმის ფორმალური მხარე იყო, ფაქტობრივად, სულთანს სულ სხვა განზრახვა ამოძრავებდა – მას სამცხე-საათაბაგოს სრული ინკორპორაცია და მისი ოსმალეთის პროვინციად გადაქცევა ჰქონდა გადაწყვეტილი. 9 ივნისს მურად III-მ მიიღო ყვარყვარე IV და მანუჩარი, რომლებმაც მას ძვირფასი საჩუქრები მიართვეს. სულთანმა ყვარყვარესა და მანუჩარს გამოეცხადა, რომ საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი სამცხე-საათაბაგოს ჩამოყალიბება და იქ თავის მოხელედ იმ ძმის დანიშვნა, რომელიც გამაჰმადიანდებოდა. ყვარყვარე IV-მ სულთნის ამ განზრახვას სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია და გამაჰმადიანება არ მოისურვა. მურად III შექმნილ ვითარებაში ყვარყვარე IV-ის მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამიტომ იგი გარკვეულ კომპრომისზე წავიდა და ყვარყვარე სანჯაყის გამგებლად მაინც დაამტკიცა. მანუჩარი კი გამაჰმადიანდა და სულთანმა იგი 1579 წლის 25 ივნისს ახლად შექმნილი ჩილდირის (ახალციხის) საფაშოს (საბეგლარბეგოს, ვიალეთის, ვილაიეთის) გამგებლად დანიშნა. ამ ღონისძიებით ბილო მოეღო სამცხე-საათაბაგოს სუვერენიტეტს. ყვარყვარე IV 1581 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.