ჯაჯა
ჯაჯა - აფხ. 1. მემინდვრეობის ღვთაება, ნათესი მინდვრის მფარველი. მის მფარველობაში შედიოდა მებოსტნეობა, მევენახეობა, საერთოდ მიწაზე მუშაობა, რომლის დროსაც ჯაჯა-ს მიმართავდნენ, როგორც მიწის ნაყოფიერების ძლიერ ღვთაებას. დედოფალი ჯაჯა წარმოდგენილი ჰყავდათ დაბალ, ჩაფსკვნილ ქალად. გადმოცემით, იგი სიმინდის ყანაში ხშირად დადიოდა. ჯაჯა არ უნდა გაენაწყენებინათ, რადგან მის სურვილზე იყო დამოკიდებული კარგი და ცუდი მოსავალი. 2. ნაყოფიერების, მოსავლიანობის ქალღმერთი. აუცილებელია მისთვის მსხვერპლის შეწირვა. გადმოცემით, თუ მას მსხვერპლი არ შესწირე, შეიძლება გაბრაზდეს და ნათესი გააფუჭოს. აფხაზებს ჯაჯა დაბალტანიან, მხარბეჭიან ქალად ჰყავდათ წარმოდგენილი, რომელსაც დათესილი მინდვრებისა და ჭირ-ნახულის გაზრდა და ასევე საპირისპიროდ, ზარალის გამოწვევაც შეეძლო. აფხაზების წარმოდგენით, ოჯახი, რომელიც ჯაჯასთვის მსხვერპლს ზვარაკის სახით გაიღებდა, უხვ მოსავალს მიიღებდა, ხოლო ის, ვინც მის სახელზე ზვარაკის შეწირვას დაინანებდა, მოსავალს წაუხდენდა. მსგავსი ნათესების, ჭირნახულისა და მინდვრის ღვთაება, რომელიც ადგილის დედასთან იყო დაკავშირებული ქართველებშიც ჩანს - ჯოჯოობა დღე გავრცელებული. ადგილის დედას ქართველი ქალები გამოქვაბულში შაქარს უტოვებდნენ, ხოლო მიწას მსხვერპლად ქათმებს უძღვნიდნენ. ჩვენი ვარაუდით, მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული კულტები და რწმენა-წარმოდგენები აფხაზებში, საზოგადოების განვითარების სხვადასხვა საფეხურზე უნდა შექმნილიყო. სამიწათმოქმედო რელიგიური კულტურა ქართულ კულტურასთან მჭიდრო ურთიერთობაშია წარმოქმნილი და განვითარებული.