ჯილდოები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯილდოები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას არ დაუწესებია საკუთარი სახელმწიფო ჯილდოები. ამიტომ, მათ როლს ასრულებდა რუსეთის საიმპერიო სამხედრო ჯილდო:

სარჩევი

წმ. გიორგის ჯვარი

წმ. გიორგის ორდენთან არსებული წარჩინების ნიშანი - წმ. გიორგის ჯვარი (არსებობდა I, II, III და IV ხარისხისა), რომელთა გარკვეული მარაგი შემორჩენილი იყო სამხედრო საწყობებში. რუსეთის იმპერიის არსებობის ხანაში ხსენებული ჯვარი წარმოადგენდა მხოლოდ ჯარისკაცთათვის განკუთვნილ ჯილდოს. რუსეთის დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ჯილდოს კავალერი შეიძლებოდა გამხდარიყო ოფიცერიც, ოღონდ, თუ ის მამაცობას უშუალოდ ბრძოლის ველზე გამოავლენდა. ამ ჯილდოს ასევე გასცემდა ჯერ ამიერკავკასიის კომისარიატი და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო შემდეგ - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტრო. ამ წარჩინების ნიშნით ჯილდოვდებოდნენ კონკრეტულ სამხედრო ოპერაციებში თავგამოჩენილი სამხედრო პირები.

1918 ჩოლოქთან მომხდარ ბრძოლაში ქართულმა ლაშქარმა დაამარცხა ოსმალეთის რჩეული გალიპოლის დივიზია. ბრძოლაში თავი ისახელეს ვალოდია გოგუაძის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯავშნოსანი მატარებლის რაზმელებმა, ძმებმა ალექსანდრე და პორფილე გორგოშიძეებმა, რისთვისაც ისინი წმ. გიორგის ჯვრებით დაჯილდოვდნენ. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იმავე წელს მიმდინარე ანტიბოლშევიკურ ბრძოლებში აქტიური მონაწილეობისათვის წმ. გიორგის ჯვრით დაჯილდოვდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი სამხედრო ხომალდის „პატარა კახის“ კაპიტანი გ. ღოღობერიძე. წმ. გიორგის ჯვრით მასობრივად დაჯილდოვდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცვისათვის 1918-1919 წლების ბრძოლებში თავგამოჩენილი მეომრები, რომელთა სიებიც შემონახულია.

საქართველოს სამხედრო სამინისტროს მიერ წმ. გიორგის ჯვრით დაჯილდოებულ სამხედრო მოსამსახურეთა საერთო რაოდენობა 802-ს შეადგენს. მათგან: I ხარისხის ჯვრით დაჯილდოვდა 12, II ხარისხის ჯვრით - 30, III ხარისხის ჯვრით - 84, IV ხარისხის ჯვრით - 676 მეომარი.

წმ. თამარ მეფის ორდენი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში არსებობდა ასევე მეორე სამხედრო ჯილდო - წმ. თამარ მეფის ორდენი, რომელიც ერთჯერადად გაიცა. ეს წარჩინების ნიშანი მანამდე წარმოადგენდა გერმანიისა და მისი მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებული ძალების მხარდამხარ მებრძოლი ქართული ლეგიონის სამხედრო ჯილდოს, რომელსაც 1916-1918 წლებში გასცემდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი. ამ ორდენებით 1918 წლის 13 დეკემბერს დააჯილდოეს იმხანად საქართველოში მყოფი გერმანელი ოფიცრები და ჯარისკაცები, რომლებსაც დამსახურება ჰქონდათ ქართული სახელმწიფოს წინაშე.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული „საქართველოს კონსტიტუციის“ III თავში - „მოქალაქის უფლებანი“ - ნათქვამი იყო: „ორდენი გაუქმებულია. საომარ მოქმედების დროს თავის გამოჩენისათვის შეიძლება მიეცეს წარჩინების ნიშანი“. ამ მუხლით ნათელი ხდება, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ცდილობდა, მიებაძა შვეიცარიის კონფედერაციისათვის, სადაც ასევე არ არსებობს სახელმწიფო ჯილდო.

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • ნ. ჯავახიშვილი, ქართული ფალერისტიკა (ჯილდოთმცოდნეობა), თბ., 1995;
  • ნ. ჯავახიშვილი, თამარ მეფის ორდენი (გერმანულ-ქართული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ისტორიიდან), თბ., 1998;
  • ო. ჟორდანია, მ. გაბედავა, საქართველოს წმინდა გიორგის ჯვრის კავალრები (1918-1919), თბ., 2001;
  • საქართველოს კონსტიტუცია, მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს, წიგნში: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), შემდგენელი ე. გურგენიძე, თბ., 1990.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები