ჯინჭარაძე ია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯინჭარაძე ია – (1973), პოეტი. დაიბადა ამბროლაურში. 1995 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, არაბული ენის და ლიტერატურის სპეციალობით. 2002 წელს – დამასკოს არაბული ენის ინსტიტუტი. 1995 წელს გამოქვეყნდა ლექსების კრებული – „აბორგებული აბორიგენი“. 2006 წელს – „ცა ცვალებადობს“. 2017 – ლექსების კრებული – „მარტივი რიცხვების ანბანი“. ცხოვრობს იტალიაში.
- * * *
- ეს ამბავი ისეთი სევდიანია
- როგორც გადახრუკული სამეფო,
- სადაც წვები, რომელიმე ნანგრევთან
- და ისიზმრებ მწვანე მინდორს
- და იმ უსახელო, ჭრელ ყვავილებს,
- თაფლის გემოთი.
- ეს ამბავი ისეთი სევდიანია,
- როგორც ქარში მოჭრიალე საქანელა,
- უხილავი ბავშვებით და ისეთი სევდიანი,
- როგორც დიასახლისი,
- სანიმუშო და ქანცგაწყვეტილი,
- რომელიც დაეძებს ცოტა ღამეს,
- რომ გაუღიმოს და უთხრას:
- - მეგობარო!