ჯიოევი ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოთარ ჯიოევი – (1928-1999), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1972), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983), დაიბადა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1945 წელს, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტხე, 1949 წელს გადავიდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმავე ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1950 წელს.

1951-1954 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1955-1957 წლებში მუშაობდა ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად, 1957 წლიდან გარდაცვალებამდე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად (1960 წლამდე), შემდეგ - უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1970 წლიდან - კულტურის ფილოსოფიის განყოფილების ხელმძღვანელად. 1983 წლიდან 1992 წლამდე შეთავსებით მუშაობდა ცხინვალის სამეცნიერო-კელევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

ო. ჯიოევი 100-ზე მეტი მონოგრაფიისა და სტატიის ავტორია, მის ნაშრომებში გამოკვლეულია ისტორიისა და კულტურის ფილოსოფიის აქტუალური პრობლემები. განხილულია ისტორიული შემეცნების სპეციფიკა, გაანალიზებულია ისტორიული აუცილებლობის ნატურალისტური გაგების მცდარობა. ისტორიული აუცილებლობა გაპირობებულია ისტორიაში ღირებულებით, დეტერმინაციის არსებობით. ადამიანის თავისუფლება გულისხმობს ღირებულებით დეტერმინაციას და, მაშასადამე, ღირებულებათა გარკვეულ ობიექტურობასაც.

ო. ჯიოევი კულტურას განიხილავს როგორც ადამიანის მოღვაწეობის იმგვარ სპეციფიკურ ფორმასა და შედეგს, რომელიც გამოხატავს ადამიანის ქმნადობას, მის ჰუმანიზაციას.

ო. ჯიოევი იკვლევდა აგრეთვე უახლესი დროისა და თანამედროვე დასავლეთის ფილოსოფიურსა და სოციოლოგიურ თეორიებს, აკრიტიკებდა და ხშირად იყენებდა მათ თავისი კონცეფციის გადმოცემისას.

ო. ჯიოევი აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ღირებულებების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციების სერია, მათ შორის თბილისშიც (1974 წელს), რომელთა ერთერთი ინიციატორი თვითონ იყო. ოთარ ჯიოევმა მნიშენელოვანი წვლილი შეიტანა კიტა მეგრელიძის ფილოსოფიურ შეხედულებათა გამოკვლევის საქმეში.


თხზულებები

  • სოციალისტური წარმოების წესის თავისებურებანი - (თბილისი, 1960);
  • კიტა მეგრელიძე - (თბილისი, 1982);
  • კულტურა ადამიანის ცხოვრებაში და ბრძოლა უარყოფით მოვლენებთან - (თბილისი, 1985);
  • რა არის კულტურა - (თბილისი, 1987);
  • კულტურა და ფილოსოფია - ბათუმი, 2008).

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები