ჯიჰადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯიჰადი - (არაბ. წმინდა ბრძოლა, სარწმუნოებისთვის ბრძოლა), - რწმენის გავრცელების და განმტკიცების მიზნით ნებისმიერი საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული ისლამით გათვალისწინებული დანაწესი, რომელიც ითვალისწინებს სხვა რელიგიის მიმდევრების წინააღმდეგ წმინდა ომის გამოცხადებასაც.

სარჩევი

ტერმინის მნიშვნელობა

ეს სიტყვა არაბული წარმოშობისაა და სწრაფვასა და ძალისხმევას ნიშნავს. იგი კლასიკურ ტექსტებში მეტწილად ბრძოლისა და ომის მნიშვნელობით გამოიყენება. ხშირად იმოწმებან ფრაზას ყურანიდან „ღვთის გზაზე ბრძოლა“, რასაც მრავალი ინტერპრეტაცია მოეძებნა ზნეობრივი სწრაფვიდან დაწყებული შეიარაღებული ბრძოლით დამთავრებული. კონტექსტიდან რთული მისახვედრი არ არის, თუ რომელი მნიშვნელობით იხმარება ეს სიტყვა ამა თუ იმ შემთხვევაში. ყურანის ადრეულ თავებში, რომელიც მექას პერიოდით თარიღდება, როდესაც მოციქული ჯერ კიდევ უმცირესობას ედგა სათავეში და გაბატონებული წარმართი ოლიგარქების წინააღმდეგ იბრძოდა, სიტყვა ჯიჰადი ზნეობრივი ბრძოლის მნიშვნელობით გამოიყენებოდა. მოგვიანებით, როდესაც მოციქული მედინაში სახელმწიფო მმართველი გახდა, ამ სიტყვამ პრაქტიკული მნიშვნელობა შეიძინა. ხშირ შემთხვევაში მას ცალსახად სამხედრო დატვირთვა გააჩნდა. ამას ადასტურებს ყურანის IV თავი, გვ.95: „მორწმუნენი, რომელნიც სახლებში სხედან, გარდა შეუძლოდმყოფებისა, არ არიან თანასწორნი მათი, ვინც ღვთის გზაზე იბრძვის. უფალი მებრძოლებს უფრო მაღალ საფეხურზე ათავსებს, ვიდრე მათ, ვინც შინ დარჩენას ამჯობინებს. ღმერთი ყველა მორწმუნეს აჯილდოვებს, მაგრამ იგი განსაკუთრებით მებრძოლებს გამოყოფს“.

ჯიჰადი მუსლიმურ სამართალში

მუსლიმური სამართლის მიხედვით ომის წარმოება 4 ტიპის მტრის წინააღმდეგ არის გამართლებული: ურწმუნონი, განდგომილნი, ამბოხებულნი და ყაჩაღები. მართალია, ოთხივე ტიპის ბრძოლა ლეგიტიმურია, მხოლოდ პირველი 2 ითვლება ჯიჰადად. ამრიგად, ჯიჰადი რელიგიური ვალდებულებაა. წმინდა ომის ფენომენის განხილვისას, მუსლიმი სამართალმცოდნენი შემტევ და თავდაცვით ჯიჰადს განასხვავებენ. იერიშის დროს ჯიჰადი ზოგადად მუსლიმური საზოგადოების მოვალეობაა და იგი მოხალისეთა და პროფესიონალთა მიერ იწარმოება. თავდაცვით ომში ეს თითოეული მუსლიმის მოვალეობა ხდება. ბინ ლადენმა სწორედ ეს პრინციპი წამოწია წინ თავის საომარ დეკლარაციაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

ჯიჰადის ისტორია

ისლმის ისტორიის 14 საუკუნის მანძილზე ჯიჰადში ყველაზე ხშირად შეიარაღებული ბრძოლა მოიაზრებოდა მუსლიმური გავლენის გასავრცელებლად და დასაცავად. მუსლიმური ტრადიციის მიხედვით მსოფლიო 2 ნაწილად იყოფა: ისლამის სახლი (დარ ალ-ისლამი), სადაც მუსლიმური მმართველობაა და ომის სახლი (დარ ალ-ჰარბი) - დანარჩენი მსოფლიო, სადაც ურწმუნონი სახლობენ. ჯიჰადი უნდა გაგრძელდეს მანამ, სნამ მთელი მსოფლიო ან ისლამურ რჯულზე არ მოექცევა, ან მუსლიმურ სამართალს არ დაემორჩილება. ის, ვინც ჯიჰადს აწარმოებს დაჯილდოვებულ იქნება ორივე ცხოვრებაში. მას ექნება ქონება მიწიერ ცხოვრებაში და სამოთხე შემდგომში.

ყურანის მოძღვრება ჰადითში განივრცობა. აქ ყველა ის ტრადიციაა განმარტებული, რაც წინასწარმეტყველის ქმედებებსა და გამონათქვამებს უკავშირდება. მრავალი მათგანი წმინდა ომის თემას ეხმაურება:


ჯიჰადი შენი მოვალეობაა ნებისმიერი მმართველის დროს, იქნება ესღვთიური, თუ ეშმაკისეული.
ერთი დღე-ღამე საზღვარზე ბრძოლისა უფრო დიდი მადლია, ვიდრელოცვასა და მარხვაში გატარებული მთელი თვე.
წამებულისათვის ჭიანჭველას ნაკბენი უფრო მტკივნეულია, ვიდრეიარაღის ჯერი, რამეთუ მას ეს უფრო შეერგება, ვიდრე ანკარა წყალიზაფხულის ცხელ დღეს.
ის, ვინც უბრძოლველად კვდება, რწმენის გარეშე იღუპება.
სამოთხე ხმლების ჩრდილშია.

ისლამის თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე, მოციქული მუჰამედის ცხოვრებიდან მოყოლებული, სიტყვა ჯიჰადი, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო მნიშვნელობით გამოიყენებოდა. მუჰამედმა თავისი მისია მისი დაბადების ადგილიდან, მექადან დაიწყო. თუმცა, წარმართი ოლიგარქების მიერ წარმოებული ხანგრძლივი დევნის გამო იგი თავის მიმდევრებთან ერთად მედინაში გადავიდა, სადაც ისინი ადგილობრივმა ტომებმა მიიღეს და მოციქული ჯერ მსაჯულად, ხოლო შემდგომ მმართველად აღიარეს. ამ მოძრაობას არაბულად ჰიჯრა ეწოდა, რაც ზოგჯერ არასწორად ითარგმნება „ფრენად”. პირველი ჯიჰადი მოციქულმა მექას მმართველთა წინააღმდეგ აწარმოა, რაც მექას დაპყრობით დასრულდა. ადგილობრივი მმართველები თითქმის უბრძოლველად დანებდნენ, ხოლო მოსახლეობას, გარდა მათი, ვისაც ბრალი მოციქულისა და ისლამის შეურაცხყოფაში ედებოდა, სიცოცხლისა და ქონების ხელშეუხებლობა აღუთქვეს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეთანხმების პირობებს დაიცავდნენ. შემდგომი ამოცანა მუსლიმური გავლენის დამყარება იყო მთელს არაბეთში და მოციქულის შთამომავალთა დახმარებით დანარჩენ მსოფლიოშიც.

ისლამური ეპოქის ადრეულ საუკუნეებში ეს სავსებით შესაძლებელი და სავარაუდო შედეგიც იყო. განსაცვიფრებლად მოკლე დროის განმავლობაში ისლამურმა ჯარებმა სპარსეთის ძველი იმპერია დაამხეს და მთელი მისი ტერიტორია სახალიფოს მფლობელობაში გადასცეს. ისლამს გზა გაეხსნა შუა აზიისა და ინდოეთისაკენ. ბიზანტიის იმპერია ჯერ კიდევ არ იყო დამხობილი, თუმცა, მას ვრცელი ტერიტორიები ჰქონდა ჩამორთმეული. შემდგომ ქრისტიანული სირიის, პალესტინის, ეგვიპტისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროვინციები ისლმიზებულ და არაბიზებულ იქნა. ეს ტერიტორიები ევროპისაკენ ექსპანსიისათვის მნიშვნელოვან ბაზებს წარმოადგენდნა, რაც ესპანეთის და პორტუგალიის დაპყრობას განაპირობებდა, ისევე, როგორც სამხრეთ იტალიის დიდი ნაწილისა. მერვე საუკუნის დასაწყისში არაბული ჯარები საფრანგეთისკენაც მიიწევდნენ.

თითქმის უწყვეტი გამარჯვების რამდენიმე საუკუნის შემგომ, არაბული ჯიჰადი ქრისტიანული ევროპის მიერ იქნა შეჩერებული. აღმოსავლეთში, ბიზანტია კონსტანტინეპოლს, უდიდეს ქრისტიანულ ქალაქს ამაგრებდა და არაბთა თავდასხმებს უმკლავდებოდა. დასავლეთით, იტალიაში მუსლიმთა მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიდან და პირინეის ნახევარკუნძულიდან ამ უკანასკნელთა დევნის ხანგრძლივი პროცესი დაიწყო. იყო მცდელობა მსგავსი ქმედება ახლო აღმოსავლეთშიც განეხორციელებინათ, რათა ქრისტეს დაბადების ადგილი გაეთავისუფლებინათ, რომელიც მუსლიმებმა მეშვიდე საუკუნეში დაიპყრეს. ეს მცდელობა, რასაც ჯვაროსნული მოძრაობა ეწოდა, სრულიად წარუმატებელი აღმოჩნდა. ჯვაროსნები განდევნილ იქნენ.

თუმცა, ჯიჰადი ამით არ დასრულებულა. დაიწყო ახალი ფაზა, ამჯერად არა არაბთა, არამედ ახალი ისლამისტების, თურქებისა და თათრების მიერ. მათ შეძლეს ქრისტიანული ანატოლია დაეპყროთ, ხოლო 1453 წლის მაისში კონსტანტინეპოლიც დაიკავეს, რაც მას შემდეგ თურქი სულთნების დედაქალაქად იქცა, რომელნიც ძველი სახალიფოს შთამომავლები იყვნენ. თურქებმა ბალკანეთში, ხოლო ისლამისტმა თათრებმა რუსეთში, ევროპის დაპყრობის მცდელობები განაახლეს (ამჯერად აღმოსავლეთიდან) და გარკვეული ხნით წარმატებასაც მიაღწიეს. თუმცა, ქრისტიანულმა ევროპამ აგრესორთა შეჩერება კვლავ შეძლო და ისლამის ტერიტორიებზე კონტრშეტევა ამჯერად უფრო დიდი შემართებით განახორციელა. ამ დროისათვის ჯიჰადი მთლიანად თავდაცვითი გახდა, წინააღმდეგობას უწევდა რა სასტიკ დევნას ესპანეთსა და რუსეთში, ხოლო თურქეთში ქრისტიანული სუბიექტების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებს. ბოლოს მათ ურწმუნოთა თავდასხმებისაგან ისლამის ჰართლენდის დაცვაც კი მოუხდათ. ეს ფაზა იმპერიალიზმის სახელით არის ცნობილი.

მუსლიმებს შემტევ ჯიჰადზე ხელი ამ წარუმატებლობის პერიოდშიც კი არ აუღიათ. 1896 წელს ავღანელები ჰინდუ კუშის მთიან რეგიონში შეიჭრნენ, რაც ახლა ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთს წარმოადგენს. მანამდე ამ რეგიონს მუსლიმები „ურწმუნოთა მიწას” - კაფირისტანს უწოდებდნენ. დაპყრობის შემდეგ მას ნურისტანი - „სინათლის მიწა” ეწოდა. ამავე პერიოდში ჯიჰადი აფრიკაში იწარმოებოდა არამუსლიმური მოსახლეობის წინააღმდეგ. თუმცა, ჯიჰადის კონცეფცია და პრაქტიკა თანამედროვე ისლამურ სამყაროში ძირითადად მაინც თავდაცვითი იყო.

სიტყვა ჯიჰადმა სამხედრო მნიშვნელობა შემდგომშიც შეინარჩუნა. მან სიწმინდე დაკარგა და მხოლოდ სამხედრო ტერმინად იქცა. თანამედროვე ეპოქაში მისი ზნეობრივი გამოყენება კვლავ აღსდგა, თუმცა, ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების მიერ მისი გაგება სხვადასხვაგვარად ხდება. ორგანიზაციები, რომლებიც თანამედროვე დროში ჯიჰადის სახელს ატარებენ (ქაშმირში, ჩეჩნეთში, პალესტინაში) ცხადია ამ ტერმინს ზნეობრივი სწრაფვის მნიშვნეობით არ გამოიყენებენ.

ზოგჯერ ჯიჰადს ჯვაროსნული ბრძოლის მუსლიმურ სინონიმად მოიაზრებენ და ეს ორი ფენომენი მეტნაკლებად ერთნაირად აღიქმება. გარკვეული თვალსაზრისით ეს ასეც არის. ორივე მათგანი წმინდა ომს ნიშნავს, რომელიც ჭეშმარიტი რწმენის დასამკვიდრებლად და ურწმუნო მტრის დასამარცხებლად იწარმოება. მაგრამ არსებობს სხვაობაც. ჯვაროსნული მოძრაობა ქრისტიანული ისტორიის გვიანი მოვლენაა და ძირითადი ქრისტიანული ღირებულებებისაგან რადიკალურ განშტოებას წარმოადგენს. ქრისტიანობა თავდასხმის ობიექტია მეშვიდე საუკუნიდან, რის შედეგადაც მისი დიდი ტერიტორიები მუსლიმთა მმართველობის ქვეშ მოექცა. წმინდა ომის, უფრო ხშირად კი სამართლიანი ომის კონცეფცია ანტიკური პერიოდიდან არის ცნიბილი. და მაინც, ისლამსა და ქრისტიანობას შორის არსებულ ხანგრძლივ ბრძოლაში ჯვაროსნული მოძრაობა გვიანი, შეზღუდული და შედარებით მოკლევადიანი აღმოჩნდა. ჯიჰადი ისლამურ ისტორიას პირველსაწყისიდან მოსდევს და იგი წმინდა წერილებში, წინასწარმეტყველის ცხოვრებასა და მისი თანამოაზრეებისა და შთამომავლების ქმედებებში მუდმივად დომინირებს. იგი ისლამის მთელს ისტორიას გასდევს და თანამედროვე ეპოქასაც ახასიათებს. სიტყვა ჯვაროსანი ჯვრიდან მომდინარეობს და ქრისტიანობის დასაცავად და დასამკვიდრებლად წმინდა ომს აღნიშნავს. თუმცა, მან ეს მნიშვნელობა დიდი ხნის წინ დაკარგა და ამჟამად ზოგადი მნიშვნელობით გამოიყენება ზნეობრივად გამართლებული კამპანიის წარმოების აღსანიშნავად. შეიძლება ჯვაროსნული ბრძოლა გამართო გარემოს, ან ქალთა უფლებების დასაცავად, უკეთესი სოციალური მომსახურების მოთხოვნის მიზნით და სხვა მრავალი მიზეზით. ერთადერთი მნიშვნელობა, რომლითაც ეს სიტყვა აღარ იხმარება - რელიგიური ომია. ჯიჰადიც გამოიყენება მრავალი მნიშვნელობით, მაგრამ, ჯვაროსნული ომისაგან განსხვავებით, პირველსაწყისი, მთავარი მნიშვნელობა ამ სიტყვამ შეინარჩუნა.

ის, ვინც ჯიჰადის დროს იღუპება წამებულად იწოდება (არაბულ და სხვა მუსლიმურ ენებზე შაჰიდად). ინგლისური სიტყვა წამებული (martyr) ბერძნულიდან მოდის და „მოწმეს” ნიშნავს. იუდო-ქრისტიანულად იგი აღნიშნავს ადამიანს, რომელიც უმალ ეწამება და მოკვდება, ვიდრე საკუთარ რწმენას უღალატებს. მისი წამება, შესაბამისად გამოცდა და მოწმობაა მისი რწმენისა და მზადყოფნისა თავი გაწიროს ამ უკანასკნელისათვის. არაბული ტერმინი „შაჰიდი” ასევე მოწმეს ნიშნავს და ჩვეულებრივ ითარგმნება, როგორც „წამებული”, თუმცა, მას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ისლამურ ხმარებაში ტერმინი „წამებული” ჯიჰადის დროს დაღუპულს ნიშნავს, რომლის ჯილდოც მარადიული კურთხევაა. თვითმკვლელობა ზნეობრივი ცოდვაა და მარადიული ტანჯვით ისჯება. სამართალმცოდნენი ამ ორ ფენომენს ერთმანეთისგან მკვეთრად მიჯნავენ. პირველი ზეციური ცხოვრებისაკენ მიმავალი გზაა, ხოლო მეორე ჯოჯოხეთისაკენ.

რადგანაც წმინდა ომი მორწმუნის ვალდებულებაა, იგი შარიათის მიერ რეგულირდება. ჯიჰადის მებრძოლებმა არ უნდა დახოცონ ქალები, ბავშვები და მოხუცები, თუ ეს უკანასკნელნი პირველი არ ესხმიან მათ თავს; არ უნდა აწამონ ტყვეები; ბრძოლის განახლების შესახებ წინასწარ უნდა გააფრთხილონ მტერი და პატივი უნდა სცენ შეთანხმებებს. თეოლოგები მსჯელობენ საბრძოლო სამართლის შესახებაც და განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიც არის იარაღის ტიპი, რომლის გამოყენებაც ნებადართულია და იარაღი, რომელიც იკრძალება. ამ შემთხვევაში ქიმიური იარაღი, მოწამლული ისრები, მტრისათვის სასმელი წყლის მარაგის მოწამვლა და ა.შ იგულისხმება. ამ საკითხებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგიერთი სამართალმცოდნე გმობს, ზოგი კი მიესალმება ამ იარაღის გამოყენებას. ტერორიზმსა და მკვლელობას ისლამი არ ამართლებს. ისლამი არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს უდანაშაულო ადამიანების შემთხვევით სისხლისღვრას. იმისათვის, რომ ჯიჰადი ვალიდური იყოს, იგი „ღვთის გზაზე უნდა” იწარმოებოდეს და არა მატერიალური მოგების მიღების მიზნით. თუმცა, ხშირად ჯიჰადის სახელის შებღალვა მისი უღირსი მიზნებით გამოყენების გამო ხდება. წმინდა სამართალი არაკომბატანტების მიმართ ნორმალურ მოპყრობას ქადაგებს, თუმცა აღიარებს გამარჯვებულის უფლებას როგორც მათ ქონებაზე, ასევე თავად პიროვნებებსა და ოჯახზეც. უძველესი ჩვეულების თანახმად, ომში დამარცხებული მტერი მონად იქცეოდა ოჯახთან ერთად. იგი შეიძლება გაეყიდათ, ან მფლობელებს დაეტოვებინათ შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით. ისლამმა ეს წესიც შეცვალა და ადამიანთა დამონების უფლება მხოლოდ ჯიჰადის დროს სცნო კანონიერად. ომის ყველა სხვა დანარჩენი ფორმა ამგვარ უფლებას მოკლებულია.

რწმენის მოღალატეთა წინააღმდეგ მიმართული ომის კანონები ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ურწმუნოთა წინააღმდეგ წარმოებული ომის დროს. რწმენის მოღალატე, მუსლიმთა თვალში, ურწმუნოზე ბევრად უარესია. ურწმუნოს სინათლე არ უნახავს და ყოველთვის არსებობს იმედი, რომ მან შეიძლება იხილოს იგი. აუცილებელი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი, შესაძლოა, შეწყნარებულ იქნეს მუსლიმური სახელმწიფოს მიერ და საკუთარი აღმსარებლობისა და რელიგიური კანონების გატარების თავისუფლება მიეცეს. რაც შეეხება რწმენის მოღალატეს, იგი ეზიარა ჭეშმარიტ რწმენას და ზურგი აქცია მას. ამგვარი შეურაცხყოფისათვის არ მოიძებნება ადამიანური შემწყნარებლობა და კანონმდებელთა უმრავლესობის თანახმად, ამგვარი დანაშაული სიკვდილით უნდა ისჯებოდეს, თუ მისი ჩამდენი მამაკაცია. ქალთათვის მსუბუქი სასჯელი გვემა და დაპატიმრებაა. უფალმა, შესაძლოა, კიდეც მიუტევოს მას სიკვდილის შემდეგ, მაგრამ არც ერთ მიწიერ არსებას ამგვარი უფლებამოსილება არ გააჩნია. ამ განსხვავებამ დღევანდელ დღეს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რამეთუ სამხედრო მმართველები ორმაგ ჯიჰადს აწარმოებენ - უცხოელი ურწმუნოებისა და თანამემამულე მოღალატეების წინააღმდეგ. უმრავლესობა, თუ არა ყველა მუსლიმი მმართველი, რომელსაც დასავლეთში მეგობრებსა და მოკავშირეებს უწოდებენ, მოღალატეებად და საკუთარი ხალხის მტრად მიიჩნევიან.

ადრეული პერიოდიდანვე არსებობს სამართლებრივი განსხვავება იმ ტერიტორიებს შორის, რომლებიც ძალისმიერი საშუალებებით იქნა დაპყრობილი და იმ ტერიტორიებს შორის, რომლებიც ნებაყოფლობით, მშვიდობიანად დანებდნენ. შესაბამისად კანონებიც, რომელიც ნადავლსა და ახლად მოპოვებულ ტერიტორიებზე დასახლებულ მოსახლეობას შეეხებოდა, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.

სამართალმცოდნენი გამოყოფდნენ შუამავალ სტატუსსაც, თანხმობის სახლი და ომისა და ისლამის სახლი. ეს ძირითადად არამუსლიმი, ქრისტიანული ქვეყნებისგან შედგებოდა, რომელთა მმართველებიც გარკვეული სახის შეთანხმებებს აღწევდნენ მუსლიმ მმართველებთან, რომლის თანახმადაც ისინი გადასახადებს იხდიდნენ, რაც ჯიზიას ეკვივალენტური იყო, ხოლო სანაცვლოდ, საშინაო საქმეებში ავტონომიას ინარჩუნებდნენ. ამის მაგალითია უმაიადის ხალიფებსა და სომხეთის ქრისტიან პრინციებს შორის მე-7 საუკუნეში მიღწეული შეთანხმება. ამგვარი შეთანხმებების საფუძველზე მუსლიმი მმართველების სამართლებრივი სისტემა არამუსლიმურ ძალებთან ურთიერთობაში პოლიტიკურ, სამხედრო და სავაჭრო ურთიერთობათა ფართო სპექტრსაც მოიცავდა. ამგვარი მიდგომა ჯერ კიდევ არ არის სრულად აღმოფხვრილი.

ადრეული პერიოდიდან, მუსლიმებმა იცოდნენ, რომ არსებობდა გარკვეული განსხვავებანი ომის სახლის ხალხებს შორის. მათი უმრავლესობა უბრალოდ პოლითეისტი იყო, რომლებიც ისლამს არ უქმნიდნენ სერიოზულ საფრთხეს, რამეთუ მათი ჭეშმარიტ რჯულზე მოქცევა შესაძლებელი იყო. ეს ძირითადად აზიასა და აფრიკას შეეხებოდა. მთავარ საფრთხეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ, რადგან მათი რელიგია ისლამის მსგავსი იყო და შესაბამისად, სწორედ ისინი ეცილებოდნენ მუსლიმებს მსოფლიო ბატონობისათვის ბრძოლაში, უფრო ზუსტად კი, როგორც ისინი იტყოდნენ, მსოფლიოს განათლებაში. ქრისტიანობა და ისლამი ორი რელიგიურად განსაზღვრული ცივილიზაციაა, რომელთა შორის კონფლიქტს არა განმასხვავებელი ნიშნები, არამედ მსგავსება იწვევს.

ქრისტიანობისადმი ამ გამოწვევის ხაზგასასმელად, სახალიფომ ოქროს მონეტები გამოსცა, რაც დღემდე რომის იმპერიის პრეროგატივა იყო. საყურადღებოა, რომ პირველ ისლამურ ოქროს მონეტას დინარი ეწოდა, რაც რომაული დენარიუსიდან არის ნასესხები. ზოგიერთი მონეტა ხალიფას სახელს ატარებდა (მის ტიტულს - მბრძანებელი და მორწმუნე). მესიჯი ცხადი იყო. მუსლიმთა აზრით, ებრაელებმა და შემდგომ ქრისტიანებმა ჭეშმარიტ გზას გადაუხვიეს და ყალბ დოქტრინებს გაჰყვნენ. ორივე რელიგია ისლამით იქნა ჩანაცვლებული, რომელიც ერთადერთი ჭეშმარიტი და სრულფასოვანი რელიგიაა. მუსლიმური სახალიფო იმპერიას მიმართავდა: „შენი რწმენა ბილწია, შენი დრო წავიდა. მე ვარ ახლა მბრძანებელი დედამიწაზე არსებული უფლის იმპერიისა”.

მესჯი სწორად იქნა გაგებული და მონეტების გამოცემა იმპერიის მიერ ომის გამოცხადების ტოლფასად იქნა გაგებული. ათას წელიწადზე მეტ ხანს გასტანა ისლამური სახალიფოს მიერ წარმოებულმა ომმა მედინადან, დამასკოდან, ბაღდადიდან, ქაიროდან და სტამბოლიდან ქრისტიანი იმპერატორების წინააღმდეგ კონსტანტინეპოლში, ვენაში და მოგვიანებით შორეულ დასავლეთშიც. თითოეული მათგანი, თავის დროზე, ჯიჰადის პრინციპული სამიზნე იყო.

ჯიჰადის დოქტრინის პრაქტიკაში გამოყენება ყოველთვის შეუბრალებელი და ძალადობრივი არ იყო. კანონიკურად სავალდებულო ომის მდგომარეობა შეიძლება შეწყვეტილი ყოფილიყო საშემრიგებლო შეთანხმებების საფუძველზე, რაც სამშვიდობო ხელშეკრულების ანალოგია, რომელსაც მეომარი ევროპული ძალები ერთმანეთთან აფორმებდნენ. ამგვარ შეთანხმებებს მოციქული ადგენდა ურწმუნო მტერთან. სწორედ ეს ხელშეკრულებები იქცა ისლამური საერთაშორისო სამართლის წყაროდ. რელიგიური შემწყნარებლობა, შარიათის თანახმად, არა კეთილი ნების გამოხატულება, არამედ მოვალეობა იყო (ყურანი II, 256: „არავითარი ძალდატანება რელიგიაში”). მუსლიმური გავლენის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ისლამური სამართალი მოითხოვდა, რომ ებრაელებსა და ქრისტიანებს საკუთარი რელიგიური რიტუალების შესრულების შესაძლებლობა ჰქონოდათ, თუ ყველა ზრდასრული მამაკაცი ხარკს გადაიხდიდა. ეს გადასახადი, რომელსაც ჯიზია ეწოდება, ყურანის მიხედვით განისაზღვრება: „ებრძოლე მას, ვისაც არ სწამს ღმერთის და მას, ვინც არ უარყოფს ყოველივეს, რასაც უფალი და მისი მოციქული კრძალავს, ვინც არ მისდევს ჭეშმარიტ რელიგიას, მანამ, სანამ ისინი არ გადაიხდიან ჯიზიას, პირდაპირ და თავმდაბლად”.

საყურადღებოა ისიც, რომ მუსლიმური სახელმწიფოს მიერ შეწყალებული არამუსლიმური სუბიექტები საკმაოდ ფართო ავტონომიური უფლებებით სარგებლობდნენ საკუთარი საშინაო საქმეების წარმოებაში, განათლების, გადასახადების და საკუთარი სამართლებრივი სისტემის დამყარების თვალსაზრისით, რაც ქორწინებას, განქორწინებას და მემკვიდრეობას შეეხებოდა. თანამედროვე გაგებით, ებრაელები და ქრისტიანები კლასიკურ ისლამურ სახელმწიფოში მეორეხარისხოვანი მოქალაქეები იყვნენ. თუმცა, კანონით დადგენილი მეორეხარისხოვანი მოქალაქეობა ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე მოქალაქეობის საერთოდ არ ქონა, რაც არაქრისტიანების და ზოგიერთი დევიანტი დასავლელი ქრისტიანის ხვედრი იყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯიჰადი ხელს არ უშლიდა მუსლიმურ მთავრობებს დროდადრო ქრისტიანი მოკავშირეები ეძებნათ მუსლიმი მტრების წინააღმდეგ, ჯვაროსნული მოძრაობის დროსაც კი.

წყარო

  • მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა;
  • ხმალაძე ნათია. ახლო აღმოსავლეთი. ომის სახლი//ახალი აზრი, № 3(17), –2004
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები