ჯორწყუ
ჯორწყუ – მდინარე სამეგრელოში (მარტვილის რ.); სათავეს იღებს ასხის მთის მასივში, მიერთვის მდინარე აბაშას (მარცხენა შენაკადი).
ჯორწყუს სახელი გაუთქვა ასხის მთის მასივზე, ს. ბალდასთან არსებულმა ძალზე საინტერესო კარსტულმა მღვიმემ, რომელიც ჩვენში ჯორწყუს მღვიმის სახელით არის ცნობილი. ამ მღვიმეში, რომლის საერთო სიგრძე 250 მეტრს შეადგენს, გვხვდება სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების, აგრეთვე, კირქვის ნაღვენთებით ნაგები ზღაპრული სილამაზის სვეტები. იგი საკმაოდ მდიდარია მღვიმური ფაუნით. მღვიმეში წლის ყოველ დროს ერთნაირი ტემპერატურა (13,59C) დგას. ჯორწყუს მღვიმეს აქვს უამრავი განშტოებები. მღვიმეში მიედინება წყლის ნაკადი.
სახელწოდება
სახელწოდება ჯორწყუ ორი სიტყვისაგან არის შედგენილი. პირველი ჯორ- ფუძე, საფიქრებელია, ქართულიდან მეგრულში შესული ცხოველის აღმნიშვნელი სიტყვა ჯორი|ნჯორი იყოს; მეორე ფუძე წყუ აშკარად მეგრულია. ნიშნავს: „წყალი“, „მდინარე“, „წყარო“. მაშასადამე, ჯორწყუ (– ჯორ(იშ)-წყუ) უნდა გავიაზროთ, როგორც ჯორის წყალი, ჯორის მდინარე.
ადგილობრივ მცხოვრებთა შორის არსებული გადმოცემის მიხედვითაც ჯორწყუ ჯორის წყალს ნიშნავს (მდრ. ცხენისწყალი); აქ ჯორები მოყავდა ხალხს დასარწყულებლადო. იქნებ: ჯვარწყუ „ხატის წყალი“?