ჯორჯაძე არჩილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არჩილ ჯორჯაძე – 1879-1913 - ფილოსოფოსი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

1892 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია; სწავლობდა ჯერ პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ - ვარშავის უნივერსიტეტში; 1893 წელს კვლავ პეტერბურგის უნივერსიტეტში დაბრუნდა. შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრა და ლექციებს ისმენდა სხვადასხვა უნივერსიტეტში. 1900 წელს დაბრუნდა საქართველოში, გახდა გახეთ „ცნობის ფურცლის“ თანამშრომელი. 1901 წლიდან საქართველოს სოციალ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერია. 1902 წელს კელავ საზღვარგარეთაა, ლექციებს ისმენს საფრანგეთის, ინგლისისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებში, საგანგებოდ სწავლობს სოციოლოგიას.

1905 წლიდან ა. ჯორჯაძე საქართველოშია, ეწევა აქტიურ პოლიტიკურსა და პუბლიცისტურ მოღვაწეობას. 1911-1915 წლებში იბეჭდება მისი თხხულებათა ხუთი ტომი. იგი აკრიტიკებდა მარქსისტებს როგორც ზოგადფილოსოფიურ, ისე ეროვნულსა და სახელმწიფოებრიობის საკითხებში. სახელი გაითქვა თავისი „საერთო ნიადაგის“ თეორიით. მისი ფილოსოფიური ნაშრომების დიდი ნაწილი დაბეჭდილია თხზულებათა მესამე წიგნში, რომლის საერთო სახელწოდებაა „ნააზრევი, ხელოვნება, ფილოსოფია, რელიგია“.

ა. ჯორჯაძე იკვლევდა სიცოცხლისა და სიკვდილის, ირაციონალურისა და რაციონალურის პრობლემებს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანის რაობის ახსნაში ირაციონალიზმს. ამით აიხსნება მისი ინტერესი ბუდიზმის მიმართ. იგი კარგად იცნობდა ინდოეთის ფილოსოფიის შესახებ რუსულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე არსებულ ლიტერატურას. ა. ჯორჯაძე „სიცოცხლის ფილოსოფიის“ დამცველია. მის თხზულებებში დიდი ადგილი აქვს დათმობილი სიცოცხლის რაობისა და მისი საზრისის პრობლემას.

ა. ჯორჯაძე უკიდურესად კრიტიკულად აფასებდა მარქსიზმს, როგორც წმინდა „ეკონომიკურ დოქტრინას“, ისტორიულ მატერიალიზმს, რომელსაც ისტორიული მოვლენები მარტოოდენ წარმოებით ურთიერთობებზე დაჰყავს და გამორიცხავს მიზანს, ისტორიის საზრისს, კლასობრიობის უნიფიკაციას ახდენს და ეროვნული ნიჰილიზმის პოზიციაზე დგას. ა. ჯორჯაძის მიხედვით, აუცილებელი არ არის ერი დაშლილი იყოს კლასებად, არსებობს ერთიანი ეროვნული ნიადაგი და, გარდა ამისა. კლასობრივი დაპირისპირების ფაქტიდან სრულიადაც არ გამომდინარეობს, რომ „იმ საზოგადოებაში, სადაც კლასები აღარ იქნებიან, ეროვნება ვეღარ იცოცხლებს, პირიქით, იგი სწორედ მაშინ უნდა აყვავდეს და გაშალოს თავისი კულტურული შინაარსი. თავისებური „გენიოსობა“. ერი, მისი გაგებით, ცოცხალი ორგანიზმია და იგი მხოლოდ მაშინ ვეღარ იარსებებს, თუ მთლიანად დაკარგავს თავის სასიცოცხლო ძალებს, ხოლო თუ ამ ძალების გაშლისა და გამოვლენის პირობები შეიქმნება, მაშინ ერის აღორძინებაც იწყება.

ა. ჯორჯაძის ეროვნული კონცეფცია მისი ზოგადი ფილოსოფიური მოძღვრების, სიცოცხლის ფილოსოფიის ძირითად დებულებებზეა აგებული. ამ კონცეფციაში სიცოცხლისა და სიკვდილის პრობლემასთან დაკავშირებით ერის გადარჩენისა და დაღუპვის საფრთხის, მისი წარმოშობისა და ისტორიული განვითარების საკითხი დგას. როცა იგი კონკრეტულად ქართველი ერის ბედს, მის ისტორიულ წარსულსა და მომავალს იკვლევდა, აქაც ისევ სიცოცხლის ფილოსოფიის პრინციპებს იყენებდა და შეუპოვრად ებრძოდა ეროვნული ნიჰილიზმის ყოველ გამოვლენას.


წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები