ჰააგის ხელშეკრულება 1794
ჰააგის ხელშეკრულება 1794 – (რევოლუციური საფრანგეთის წინააღმდეგ პრუსიის სამხედრო მოქმედებათა აქტივიზაციის შესახებ), დაიდო 19.IV, ერთი მხრივ, ინგლისსა და ჰოლანდიას, მეორე მხრივ, პრუსიას შორის.
ხელშეკრულების მიხედვით, პრუსიამ იკისრა საფრანგეთის წინააღმდეგ გამოყვანილი ჯარების გაზრდა 62400-მდე. ინგლისმა და ჰოლანდიამ მიიღეს უფლება, გადაეწყვიტათ, სად შეიძლებოდა ამ ჯარების გამოყვანა. ორივე სახელმწიფომ იკისრა, პრუსიისათვის გადაეხადა სუბსიდია 1794 წლის ბოლომდე. ინგლისმა და ჰოლანდიამ მიიღეს უფლება, გამოეყენებინათ, პრუსიის არმია, როგორიც დაქირავებული ჯარი და ესარგებლათ იმ დაპყრობებით, რომელთაც პრუსია მიაღწევდა. სინამდვილეში ჰააგის ხელშეკრულებამ ვერ გაამართლა ინგლისის იმედები. პრუსიამ არ გაგზავნა თავისი არმია ბელგიაში ავსტრიელთა დასახმარებლად, ამის მაგიერად თავისი სამხედრო ქვედანაყოფები გაგზავნა პოლონეთში, სადაც დაიწყო აჯანყება გ. კოსტიუშკოს ხელმძღვანელობით. 1794 წლის ზაფხულში ფრანგებმა დაამარცხეს ავსტრიელი ჯარები ბელგიაში, იმავე წლის შემოდგომაზე ინგლისის მთავრობამ შეწყვიტა სუბსიდიების გაცემა და მოახდინა ხელშეკრულების დენონსაცია.