ჰავანის დეკლარაცია 1940
ჰავანის დეკლარაცია 1940 – (დასავლეთ ნახევარსფეროში ევროპულ სამფლობელოთა სტატუსის შესახებ). მიღებულ იქნა 29.VII, აშშ-ისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მე-2 საკონსულტაციო შეხვედრაზე.
ვინაიდან ამერიკაში ევროპის ქვეყნების კუთვნილი კუნძულების ან რაიონების გადასვლას ერთი მფლობელის ხელიდან მეორეში შეიძლებოდა მოჰყოლოდა საფრთხის შექმნა მთელი დასავლეთი ნახევარსფეროსათვის (ამ დროისათვის შეიქმნა ფაშისტური გერმანიის მიერ ამერიკაში ევროპული ქვეყნების კოლონიების ხელთგდების საფრთხე), დეკლარაცია ითვალისწინებდა ამერიკის ქვეყნების მიერ ამ ტერიტორიებზე დროებითი მმართველობის დაწესებას. ამერიკული ქვეყნების მიერ ადმინისტრაციის შექმნამდე ამ ტერიტორიების „კოლექტიური მეურვეობა“ უნდა განეხორციელებინა საგანგებო პანამერიკულ კომისიას. რომელიც 1940 წლის მიწურულში შეიქმნა. სასწრაფო ზომების მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ნებისმიერი ამერიკული ქვეყანა ცალკე, ან სხვა ქვეყნებთან ერთად, იღებდა უფლებას მოქცეულიყო ისე, „როგორც ამას მოითხოვდა მისი ან მთელი კონტინენტის თავდაცვა” და მხოლოდ შემდეგ გადაეცა საკითხი კომისიისათვის განსახილველად.
თათბირზე მიიღეს აგრეთვე დეკლარაცია ამერიკული ერების ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი თავდაცვის მიზნით. გამოცხადდა პრინციპი, რომ რომელიმე არაამერიკული ქვეყნის მხრიდან ამერიკის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზევე მთლიანობის, ხელშეუხებლობის ან ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ითვლებოდა როგორც აგრესია დეკლარაციის ხელმომწერი ქვეყნების წინააღმდეგ.
თათბირზე მიიღეს აგრეთვე კონვენცია, რომელშიც დეტალურად იყო განხილული, თუ რა პირობებში გამოიყენებოდა დეკლარაცია ევროპელ სამფლობელოთა სტატუსის შესახებ (ძალაში შევიდა 8.I.1942). ამ დოკუმენტების ხელმოწერისას არგენტინამ განაცხადა თავისი უფლებების შესახებ ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებზე და ანტარქტიკის ზოგიერთ რაიონზე ჰავანის დეკლარაციის საფუძველზე აშშ-მა 1941 წლის აპრილში დაიკავა გრენლანდია. ხოლო ნოემბერში (ბრაზილიასთან ერთად) ჰოლანდიის გვიანა.