ჰანცაგუაშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰანცაგუაშა || ჰანწირგვაშა (ადიღ. Хьэнцэгуащэ: хьэнцэ – „ნიჩაბი“, гуащэ – „ქალბატონი“; აბაზ. ХიанцIыргваша – ნასესხებია ჩერქეზულიდან) – დიდი ზომის რიტუალური დედოფალა, რომელსაც ადიღთა წინაპრები გვალვების დროს წვიმის გამოწვევის მიზნით მოწყობილი საწესო მსვლელობის დროს თან ატარებდნენ. ქალები იღებდნენ ხის ნიჩაბს, მის ტარზე ამაგრებდნენ ჯოხს, რომელიც მხრებისა და ხელების იმიტაციას წარმოადგენდა. ასეთ ფიგურას ჩააცმევდნენ კაბას, „თავზე“ თავსაფარს შემოახვევდნენ, წელზე ქამარს შემოარტყამდნენ (ყაბარდოელები „მკერდზე“ კერიის ჟაჭვსაც კიდებდნენ). ასე გამოწყობილ დედოფალას ორი ფეხშიშველი გოგონა, რომლებსაც თან ქალები და ბავშვები ახლდნენ, სოფელში ეზო-ეზო დაატარებდნენ. მსვლელობის დროს პროცესია მღეროდა. ამ სიმღერის ტექსტის ჩერქეზული და შაფსიღური ვარიანტები შემდეგია:

გოგონები: Хьэнцэгуашэ зыдошэ!
ყველანი: Ялыхь уэшх къегъэщэщэх!
გოგონები: Хьэнцэгуашэ зыдошэ!
ყველანი: Ялыхь уэшх къегъэщэщэх!
(გოგონები: ჩვენ ჰანცაგუაშას დაგვყავს!
ყველანი: ო, ალაჰ, უხვი წვიმა გამოგზავნე!
გოგონები: ჩვენ ჰანცაგუაშას დაგვყავს!
ყველანი: ო, ალაჰ, უხვი წვიმა გამოგზავნე!).

სიმღერის შაფსიღური ვარიანტის ტექსტი განსხვავებულია:

Хьэнцэгуащэр зэтэщэр –
Ощхэр къэщха!
Ныхэтхы къыщэгъуагъо –
Ощхэр къэщха!
Шъэонажьор – къоепсы рагъушъуа!
(ჩვენ ჰანცაგუაშა დაგვყავს -
წვიმა მოდის!
ნეხეთხეში (ადგილის სახელი – ნ. ა.) ჭექა-ქუხილია -
წვიმა მოდის!
ლიგოთხეში (ადგილის სახელი – ნ. ა.), დე,
წვიმა მოვიდეს!
წვიმა მოდის!

პროცესია სიმღეღ-სიმღერით სოფლის ყვალა მოსახლის ეზოში შედიოდა, სადაც ოჯახის დიასახლისები დედოფალას წყლით წუწავდნენ და ამბობდნენ: „ღმერთო, კეთილად შეიწირე!“ (Тхьэб къабылу тIых); ცდილობდნენ მოსულებისთვის პროდუქტები უხვად მიეცათ; ბევრი მათგანი პროცესიას უერთდებოდა. საწესო მსვლელობა მდინარესთან ჩერდებოდა, სადაც სოფლის მოსახლეობა მსხვერპლს სწირავდა და კოლექტიურ ბანაობას აწყობდა, თან ყოველი მათგანი უზენაესს მიმართავდა: „ღმერთო, მიიღე ჩვენი შემონაწირი!“ (Ди Тхьэ, ди тхьэлъIур къабылу тIых!); შემდეგ ჰანცაგუაშას რიგრიგობით წყალს ასხამდნენ. საწესო სუფრის დასრულების შემდეგ, დედოფალას სოფლის მოედანზე დააყენებდნენ და მის გარშემო ფერხულს გამართავდნენ. დასასრულს ჰანცაგუაშას შვიდ ვედრო წყალს დაასხამდნენ და მოედანზე დატოვებდნენ; სწამდათ, რომ წვიმა აუცილებლად მოვიდოდა.

აბაზები ჰანწირგვაშას წვიმის გამოწვევასთან დაკავშირებული საწესო მსვლელობის – ძიუარას („ძიუოუ“) – დროს დაატარებდნენ და მღეროდნენ:

ძიუარა, ძიუარა!
ჰანწირგვაშას დალევა უნდა,
მოგვეცი ცოტა წვიმა,
მოგვეცი ცოტა წყალი,
ო, დიდი ღმერთო ანჩვა,
დე, დაიწყოს წვიმა.

შემდეგ მსვლელობის მონაწილეები ხალხის მიერ ნაჩუქარი პროდუქტებით მდინარისკენ სიმღერით მიდიოდნენ:

ძიუარა, ძიუარა,
გაძლევთ, ჰანწირგვაშას,
მოგვეცი ცოტა წვიმა,
მოგვეცი ცოტა წყალი.

დედოფალას მდინარეში ჩააგდებდნენ და, როგორც კი წყალი წაიღებდა, ერთმანეთს ჯერ წყლით გაწუწავდნენ, შემდეგ მდინარეში აგდებდნენ; ბოლოს კოცონთან საწესო სუფრას მიუსხდებოდნენ.


ლიტერატურა

  • Мижаев М. И. Мифологическая и обрядовая поэзия адыгов. Черкесск, 1973;
  • Народные песни и инструментальные наигрыши адыгов. М., 1980;
  • Мафедзев С. Х. Обряды и обрядовые игры адыгов. Нальчик, 1982;
  • Мыжей М., Пащты М. Адыгэ мифологием и энциклопедие. Тхьэхэр, лIыхъужьхэр, культхэр, нэщэнэхэр. Черкесск-Налшык-Мейкъуапэ. 2012;
  • Копсергенова В. З. Серебряные нити. Приметы и поверья абазин. Карачаевск, 2012;
  • Гутова Л. А. Обряд вызывания дождя в фольклоре и этнографии адыгов // Вестник института гуманитарных исследовании Кабардино-балкарского научного центра РАН. Вып. 1 (20). Нальчик, 2013.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები