ჰარმონია (მითი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰარმონია(ბერძნ.) აფროდიტესა და არესის ასული. კადმოსის მეუღლე.

როდესაც ათენამ კადმოსი თებეს მეფედ აკურთხა, ცოლად ღმერთების ქალიშვილი, მშვენიერი ჰარმონია შერთო და დიდებული ქორწილი გადაუხადა. კადმოსის სასახლის ნათელ დარბაზში თორმეტი ოქროს სავარძელი დაიდგა. ეს იყო მოკვდავის პირველი ქორწილი, რომელსაც დაესწრო ყველა ოლიმპიელი ღმერთი. ჰარმონიას ათენამ უძღვნა ოქროცურვილი მოსასხამი, რომელიც ღვთაებრივ იერს ანიჭებდა მის მფლობელს. ჰერმესმა ლირა უსახსოვრა. დემეტრემ უხვი მოსავალი განუწესა მის სამეფოს იმით, რომ იასიონს თანაეყო თებეს სამგზის გადახნულ მინდორზე. თავად კადმოსმა ოქროს პეპლოსი მიართვა ძვირფას მეუღლეს. აფროდიტემ კი თავის ასულს უანდერძა გამაოგნებელი მშვენიერების მიმნიჭებელი ოქროს ყელსაბამი, რომელიც ჰეფესტოს უზადო ხელოვნებით იყო ნაკეთები. სწორედ ეს ყელსაბამი ითამაშებს საბედისწერო როლს მოგვიანებით თებესა და მთელი მისი მოდგმის გადაშენებაში (შვიდნი თებეს წინააღმდეგ).

კადმოსსა და ჰარმონიას ოთხი ასული და ერთი ვაჟი ჰყავდათ: ავტონოე, ინო, სემელე, აგავე და პოლიდოროსი. ამ დიდებულმა წყვილმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა. როდესაც მათი გარდაცვალების ჟამი დადგა, ბედის განგებით ისინი ლურჯ ხალებიან შავ გველებად გარდაისახნენ და ზევსის ნებით დაივანეს ნეტართა კუნძულებზე.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები