ჰეივუდი ტომას
ტომას ჰეივუდი − (1570-1641), ინგლისელი დრამატურგი, რომლის 220 პიესიდან, მხოლოდ 20-ია შემორჩენილი.
არისტოკრატიული წარმოშობის ჰეივუდს კემბრიჯის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. ის ნაწარმოებებს ქმნიდა „ლორდი ვუსტერის მსახურების” დასისთვის, რომელსაც მოგვიანებით „დედოფლის მსახურთა” დასი ეწოდა. დასის არისტოკრატიული ტიტულის მიუხედავად, მათ რეპერტუარი საზოგადოების დაბალი სოციალური ფენის მაყურებელზე ჰქონდათ გათვლილი.
ჰეივუდი ნაწარმოებების სიუჟეტებად იყენებდა ლეგენდებსა და ანტიკურ თემებს. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია ხუთი პიესა: „ოქროს საუკუნე”, „ვერცხლის საუკუნე”, „სპილენძის საუკუნე” და „რკინის საუკუნე” (ორ ნაწილად). მათში ანტიკური მითოლოგია და ჰომეროსის მოტივებია დამუშავებული. პიესა „ლუკრეცია” (1608) რომაელი ისტორიკოსის, ტიტუს ლივიუსის ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი. დრამატურგს ეკუთვნის აგრეთვე ორნაწილიანი ისტორიული ქრონიკა „ედუარდ IV” (1599), სადაც ლონდონის მოქალაქეთა აჯანყება და საზოგადოების დაბალი ფენის წარმომადგენლებია ასახული. დედოფალ ელისაბეთის ახალგაზრდობის პერიოდის ეპიზოდებია ნაჩვენები ნაწამოებში „თუ თქვენ არ მიცნობთ, მაშინ არავინ მიცნობს” (ორ ნაწილად). რომანტიკულ-ავანტიურისტული მოტივები იკვეთება პიესებში „ტურფა ქალი დასავლეთიდან” და XVII საუკუნის 30-იან წლებში შექმნილ ნაწარმოებებში − „გამოწვევა სილამაზისა”, „დიდებული მეფე და ერთგული ქვეშევრდომი”. პიესა „ოთხი ლონდონელი შეგირდი” (დაიბეჭდა 1615 წელს) რაინდული რომანების გავლენითაა დაწერილი. მასში ნაჩვენებია ოთხი ძმის – მკერავის, მპენტავის, მეწაღის და ნოქარის – გმირობები. ძმები ამაყობენ უბრალო წარმომავლობით და გამოირჩევიან პატიოსნებითა და სიმამაცით. უბრალო ხალხის და მოქალაქეების ცხოვრებას ეხება ასევე პიესა − „თუ თქვენ არ მიცნობთ, მაშინ არავინ მიცნობს”, „ტურფა ქალი დასავლეთიდან” და სხვ. დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა პიესა „სიკეთით მოკლული ქალი” (1603), სადაც ნაჩვენები იყო ოჯახის ყოფა. ნაწარმოებში კეთილშობილი აზნაური ფრენკფორდი უარს ამბობს მოღალატე ცოლის შურისძიებაზე. ჩადენილი ცოდვის მომნანიებელი ცოლი კი კვდება.
ამდენად, ტომას ჰეივუდის შემოქმედებაში აისახა ბურჟუაზიული ყოფითი დრამის ელემენტები, რომლებიც იმ ეპოქისთვის სიახლეს წარმოადგენდა და ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში გახლდათ.
ნინო ქირია