ჰელსინკის დასკვნითი აქტი 1975
ჰელსინკის დასკვნითი აქტი 1975 – (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის დასკვნითი აქტი), ხელი მოაწერეს 1.VIII.1975 ჰელსინკში 35 ევროპული სახელმწიფოს ასევე აშშ-ისა და კანადის მეთაურებმა.
დასკვნით აქტში ჩამოყალიბებულია შეთანხმებები საკითხთა ფართო წრის თაობაზე, რომლებიც შეეხება ევროპაში უშიშროებას, ასევე სხვადასხვა სფეროში სახელმწიფოთა თანამშრომლობას. დასკვნითი აქტის ქვაკუთხედს წარმოადგენს სახელმწიფოთა შორს ურთიერთდამოკიდებულების პრინციპთა დეკლარაცია. თათბირის მონაწილეებმა იკისრეს: სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში იხელმძღვანელონ სუვერენული თანასწორობის, დავების მშვიდობიანი მოგვარების, შინაურ საქმეებში ჩაურევლობის, ადამიანის უფლებათა პატივისცემის, სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების პრინციპებით.
ევროპაში მშვიდობისა და უშიშროების განმტკიცების საკითხში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება დასკვნით აქტში დაფიქსირებულ შეთანხმებებს ნდობის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ. რაც, კერძოდ, ითვალისწინებ სამხედრო წვრთნების ჩატარებას, მეთვალყურეთა მოწვევას ამ მეცადინეობებზე დასასწრებად.
დასკვნითი აქტი ითვალისწინებს ასევე ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, მეცნიერების, ტექნიკის, გარემოს დავის სფეროში. რაც „ხელს უწყობს მშვიდობისა და უშიშროების განმტკიცებას ევროპასა და მთელ მსოფლიოში“.
დასკვნით აქტში ჩამოყალიბებული დებულებები სერიოზულ წანამძღვრებს ქმნის მონაწილე სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის განვითარებისათვის ჰუმანიტარულ საკითხებშიც, კერძოდ, კულტურის, განათლების, ინფორმაციის სფეროში. ჰელსინკის დასკვნითი აქტის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მიერ დაწყებული მრავალმხრივი პროცესის გაგრძელების აუცილებლობა, კერძოდ მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების შეხვედრათა ორგანიზაციის გზით.