ჰემენსი დევიდ
დევიდ ჰემენსი – (David Hammons, d. 1943) იმ სოციალურად მოაზროვნე ხელოვანთა რიგს განეკუთვნება, ვინც დაუღალავად შრომობს საზოგადოებრივ სფეროში. ის ამერიკული საგალერეო სისტემის გულწრფელი კრიტიკოსია და სინანულით აღნიშნავს, რომ აფრო-ამერიკელი ხელოვანების რთული შინაარსის ნამუშევრები ძალზე მწირადაა წარმოდგენილი გამოფენებზე. ჰემენსის აზრით, ხელოვნების სამყარო "ნოვოკაინს ჰგავს, რომელიც ადრე აფხიზლებდა, ახლა კი აძინებს". არტისტის მტკიცებით, მხოლოდ საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ ხელოვნებას ძალუძს კომერციის სიბინძურისგან თავის დაღწევა და საზოგადოების გამოფხიზლება. ნამუშევარი უსათაურო ცოცხალი, მწვავე, მახვილგონივრული და მსუსხავი სატირაა აფრო-ამერიკელთა, ჯერ კიდევ ორაზროვან მდგომარეობაზე ამერიკულ საზოგადოებაში. რამდენიმე შტატის საზოგადოებრივ შენობებზე კონფედერატების დროშის აღმართვასთან დაკავშირებით გამართული დებატების საპასუხოდ, ჰემენსმა, 1990 წელს, ჰარლემის სტუდიო მუზეუმისთვის (Studio Museum) შექმნა დროშა, რომელიც შემდგომაც რამდენჯერმე გამოიფინა, მათ შორის, 2000 წელს, ნიუ იორკის ახალი ხელოვნების მუზეუმში. ჰემენსის დროშის ფერები იმეორებს პან-აფრიკულ (Pan-African), შავკანიანთა გლობალური განვითარების ასოციაციის (Universal Negro Improvement Association) და აფრიკულ თემთა ლიგის (African Communities League) დროშას, რომელიც 1920 წელს, აფრო-ამერიკელების მიერ შეიქმნა, რათა სიმბოლურად აღენიშნათ "მსოფლიოს შავკანიანთა უფლებები". წითელი - აფრიკის ყველა ხალხების გამაერთიანებელი და თავისუფლების ძიებაში დაღვრილი სისხლის ფერია, შავი - სიმბოლურად შავკანიან ხალხს აღნიშნავს, მწვანე კი აფრიკის სიმწვანით დაფარულ მიწას.