ჰენრი ჯოზეფ
ჯოზეფ ჰენრი – (ინგლ. Joseph Henry, (1797 - 1878 წ.), ამერიკელი ფიზიკოსი.
ჯოზეფ ჰენრი მეცნიერთა იმ რიცხვს ეკუთვნის, რომელთა მიღწევებიც მათი განსაკუთრებული ნიჭის შედეგია. იგი დაიბადა 1797 წლის 17 დეკემბერს, ქალაქ ოლბანში, ნიუ-იორკის შტატში (აშშ). ჰელუეიში სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ ჯოზეფი მიაბარეს მესაათეს თავის მშობლიურ ქალაქ ოლბანში. მაგრამ საათების საიდუმლოებანი მას არ აინტერესებდა და ამ სპეციალობაში ვერც თავის მომავალს ხედავდა.
ჰენრი მონაწილეობდა ადგილობრივი მხატვრული თვითმოქმედების წრეში და ოცნებობდა თეატრალურ მსახიობის კარიერაზე.
შემთხვევით ნათხოვარმა ფიზიკის, ასტრონომიის და ქიმიის წიგნებმა შეცვალა არა მარტო განსაზღვრა, არამედ მთელი მისი ცხოვრების გზა, ცხოვრების გზად კი მსახიობობა ჰქონდა არჩეული. იგი შევიდა საღამოს კურსებზე, რომელიც ჩამოყალიბებული იყო ადგილობრივ აკადემიასთან (ე. ი. უმაღლეს სკოლასთან), დაიწყო ასტრონომიის და ფიზიოლოგიის შესწავლა; ფიქრობდა ექიმი გამხდარიყო. როცა მასწავლებელს ეხმარებოდა ბევრი საინტერესო ქიმიური ექსპერიმენტის ჩატარებაში, მაშინ ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ ეს დარგი მისი საქმიანობის მთავარი სფერო გახდებოდა. ჰენრიმ სკოლა დაამთავრა და 1826 წელს, 29 წლის ასაკში დაინიშნა მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად, მან სრულად გამოიყენა მეცნიერულ კვლევებში ხელსაყრელი შესაძლებლობანი, მაშინვე შეუდგა ექსპერიმენტებს ელექტრომაგნეტიზმში და ელექტრომაგნიტებზე, ამ ექსპერიმენტებმა მას აღიარება მოუტანეს. ჯოზეფ ჰენრიმ პირველმა იზოლირებული გამტარის მრავალფეროვანი ხვიებისაგან ააგო დიდი სიმძლავრის ელექტრომაგნიტი (დაახლოებით 1830 წელს). მისი დახმარებით შეეძლო აეწია ათას კილოგრამზე მეტი.
ფარადეისთან ერთდროულად ჰენრი ატარებდა ცდებს ელექტრომაგნიტურ ინდუქციაზე, დიდი ინგლისელისაგან სრულიად დამოუკიდებლად ჰენრის ბიოგრაფები ფიქრობენ, რომ მასაც ფარადეის თანაბრად მიეკუთვნება ამ მოვლენის პირველად აღმოჩენის დიდება? და თუ პირველობა ფარადეის მიეკუთვნება, ამის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ ჰენრიმ თავისი შედეგები ძალიან დაგვიანებით გამოაქვეყნა. ყოველ შემთხვევაში, თუ ფარადეის თვლიან ურთიერთინდუქციის მოვლენის პირველაღმომჩენად, მაშინ ჰენრიმ თვითინდუქცია აღმოაჩინა. ამ სფეროში ჰენრის დამსახურების აღსანიშნავად მისი სახელი დაერქვა ინდუქტივობის საერთაშორისო ერთეულს.
ჰენრის დიდება სწრაფად იზრდებოდა. ამის დამამტკიცებელი იყო მისი დანიშვნა 1832 წელს პრინსტონის კოლეჯში ფიზიკის პროფესორის თანამდებობაზე.
სამეცნიერო მუშაობისათვის მას კარგი პირობები ჰქონდა. ჰენრი აგრძელებდა გამოკვლევებს ელექტრომაგნიტიზმში. ამ გამოკვლევების შედეგებზე მისი მოხსენებები ძალზე შთამბეჭდავი იყო.
ჰენრიმ მოახერხა ისეთი მოწყობილობის აგება, რომელიც ელექტრული დენის გარკვეული ცვლილებისას იწვევს მართვის წრედების განრთვას .და ჩართვას. ამ მოწყობილობას რელე უწოდეს. რელემ შემდგომში ფართო გამოყენება პოვა.
ჰენრიმ ასევე გამოიგონა ა. წ. არაინდუქციური ხვია.
ჰენრი პრინსტონში იყო 1846 წლამდე. ეს პერიოდი ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა მეცნიერული მიღწევების თვალსაზრისით. იგი აღინიშნა არამარტო აღმოჩენებით ელექტრომაგნიტიზმში, არამედ სხვა დარგში გამოკვლევების მნიშვნელოვანი შედეგებით, მაგალითად, მეტეოროლოგიურ დაკვირვებებში.
ჰენრი იყო მეცნიერების არაჩვეულებრივი ორგანიზატორი. მისი ინიციატივით ორგანიზებულ იქნა მეტეოროლოგიური მონაცემების ტელეგრაფით გადაცემა, რის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა მეტეოროლოგიური რუკების მომზადება,
ჰენრიმ განავითარა მეცნიერული ინფორმაციის საერთაშორისო გაცვლის სისტემა.
ზემოთ ნახსენები დამსახურებების აღსანიშნავად 1868 წელს დანიშნულ იქნა ვაშინგტონში ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად და ამ თანამდებობაზე იყო სიკვდილამდე. გარდაიცვალა 1878 წლის 13 მაისს.