ჰერაკლიტე ეფესელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ჰერაკლიტე ეფესელი − (ძვ. ბერძ. Ἡράκλειτος ὁ Ἐφέσιος, დაახლ. 540–480 ძვ.წ.), ძველბერძენი ფილოსოფოს-პანთეისტი, იონიური სკოლის წარმომადგენელი.

ის თავის თხზულებაში „ბუნების შესახებ“ აყალიბებს თეორიას ყველაფრის ცვალებადობის, დენადობის, მოძრაობის შესახებ. გამოთქმა ყველაფერი მიმდინარეობს (πάγτχ ρετ) ჰერაკლიტეს ფილოსოფიის ძირითად დებულებად ითვლებოდა ძველადვე და პლატონიც „კრატილეში“ (402 α) გადმოგვცემს: „ჰერაკლიტე ამბობს, რომ ყველაფერი მოძრაობს და არაფერი არ რჩებაო“.

თუ ყველაფერი მოძრაობაშია, მაშასადამე, ის არსებობს და არც არსებობს; ყველაფერი, რაც არსებობს, მუდმივ ცვალებადობაშია, გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში, თავის საწინააღმდეგო მდგომარეობაში. „დამოკიდებულება ბუნებრივ მოვლენათა შორის ისეთია, როგორიც არის დამოკიდებულება (ცოცხალსა და მკვდარს შორის სადაც თავდება ცოცხალი, იქ იწყება მკვდარი (ე. ი. მკვდარი არის ცოცხალის უარყოფა), და სადაც თავდება მკვდარი, იქ იწყება ცოცხალი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მკვდარი რეალურად იქცევა ცოცხლად, ე. ი. რომ მკვდარი ჰქმნის ცოცხალს, არამედ იმას, რომ მკვდარის შინაარსი საზღვრავს ცოცხალის შინაარსს, ან ასაბუთებს უკანასკნელს, რომ ცოცხალშივეა მოცემული სიკვდილი. როგორც მკვდარი ასაბუთებს ცოცხალს, და, პირუკუ, ცოცხალი – მკვდარს, ისე ყოველი მოვლენა ასაბუთებს თავისა მოწინააღმდეგეს: „მოხუცებულობა ახალგაზრდობას და ახალგაზრდობა მოხუცებულობას, ძილი სიფხიზლეს და სიფხიზლე ძილს, …დღე ღამეს და ღამე დღეს. ღამე რომ არ ყოფილიყო, არც დღე იქნებოდა როგორც დღე. დღის შინაარსი (ე. ი. მისი ნიშნები) იქმნება იმით, რომ ის გამიჯნულია ღამის შინაარსისაგან და დღის ნიშნები არ ჰგავს (ეწინააღმდეგება) ღამის ნიშნებს… შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს აქვს თავისი განსაზღვრული შინაარსი სწორედ იმიტომ, რომ მის მოწინააღმდეგეებსაც აქვს თავისი განსაზღვრული შინაარსი, ან ყოველი განსაზღვრული შინაარსი-იქმნება მოწინააღმდეგეთა დაპირისპირებისაგან. სადაც წინააღმდეგობა არ არის, იქ არსიც არ არის. არსი გულისხმობს მრავალთა ურთიერთ წინააღმდეგობას. ამიტომ არსი მრავალია და არა ერთი … ჰერაკლიტე ამასთან ერთად იღებს ამ მრავლობის საფუძველსაც, ე. ი.წინააღმდეგობას, რომელსაც ის ტრადიციული ენის ზეგავლენით ეძახის „ბრძოლას“ და „მტრობას“. ბრძოლა არის ყველაფრის მამაც და ყველაფრის მეფეც. ის აქცევს ზოგიერთებს ღმერთებად და ზოგიერთებს ადამიანებად, ზოგიერთებს მონებად და ზოგიერთებს თავისუფალ პიროვნებებად“.

ამგვარად, ჰერაკლიტეს აზრით, ბუნება მოწინააღმდეგეთა მრავლობაა, მაგრამ ამ წინააღმდეგობათა შეცნობა იმიტომ ხდება შესაძლებელი, რომ გარდა მოწინააღმდეგეთა წევრებისა არის რაღაც მესამე, რაც ამ შეცნობის საშუალებას იძლევა. ამ რაღაც მესამეს ჰერაკლიტეს ფრაგმენტებში ეწოდება ხან „ლოგოსი“, ხან „ზევსი“, ხან „ბრძნული“ ან „სიბრძნე“. „ერთსა და ერთადერთ ბრძნულს – ამბობს ჰერაკლიტე – არც შეიძლება და კიდევაც შეიძლება ზევსის სახელი ეწოდოს“; „ერთი არის სიბრძნე იმ აზრის შემცნობი, რომელიც ყველას და ყველაფერს მართავს“.

ეს ლოგოსი ან სიბრძნე, ესე იგი ის ერთი, რომელიც ბუნებაში არსებულ წინააღმდეგობათა შეცნობას შეგვაძლებინებს და რომელიც საზოგადოა ყველა მოვლენისა და საგნისათვის და, მაშასადამე მსოფლიოს საფუძველს წარმოადგენს, არის ცეცხლი (πύρ): მისგან წარმოიქმნება ყველაფერი, მასში გადადის ყველაფერი.

ჰერაკლიტეს ზოგიერთი გამონათქვამები:

  • ჩემთვის ერთი უდრის ათიათასს, თუ იგი საუკეთესოა;
  • ერთსა და იმავე მდინარეში ჩავდივართ და კიდევაც არ ჩავდივართ; ვარსებობთ კიდევაც და არც ვარსებობთ;
  • ზღვის წყალი უწმინდესიც არის და უწმინდურიც: თევზთათვის სასმელია და სასიცოცხლო, ადამიანთათვის არასასმელი და მომაკვდინებელი;
  • მზე რომ არ ყოფილიყო, მიუხედავად სხვა მნათობებისა, ღამე იქნებოდა;
  • თვალები უფრო სანდო მოწმეები არიან, ვიდრე ყურები;
  • ყველა ადამიანს შეუძლია შეიცნოს თავისი თავი და გონიერი იყოს;
  • თუ ღმერთები არსებობენ, რატომღა დასტირით მათ? თუ კი დასტირით მათ, ნუღარ თვლით ღმერთებად.
  • უმოკლესი გზა სახელის მოსახვეჭად ის არის, რომ კარგი იყო.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები