ჰერას ტაძარი პესტუმში
ჰერას ტაძარი პესტუმში – ძველი ბერძნული ტაძარი პესტუმში, (ძვ.წ. V ს-ის II მეოთხედი), მკაცრი, დიდებული, მძლავრი, მონუმენტური და მძიმეფორმებიანი, სამსაფეხურიან სტილობატზე მდგარი ტაძარი სიმყარისა და სიძლიერის შთაბეჭდილებას ახდენს. ძლიერი ენტასისის გამო სვეტები დრეკადობის შთაბეჭდილებას ტოვებს, ისინი თითქოს ძლივს ზიდავენ მასიურ გადახურვას და მისი სიმძიმისაგან იზნიქებიან. ძლიერად გადმოწეული აბაკადან სვეტებზე დაცემული მუქი ჩრდილები მზიდსა და საზიდ ელემენტებს შორის ერთგვარი „შეტაკების“, შეპირისპირების, "კონფლიქტის" შთაბეჭდილებას ქმნის, რაც დაძაბულობისა და არქიტექტურულ ფორმებში კონცენტრირებული შინაგანი ძალის ეფექტს განსაზღვრავს. ყოველი ფორმა მკაფიო, კომპაქტური, მკაცრი, ლაკონიური, თავის თავში დასრულებული და ამავე დროს მასიურია. მთლიანობაში კი ასეთი ფორმები ძლიერი და მონუმენტური, შინაგანი ძალით აღსავსე არქიტექტურულ ორგანიზმს ქმნის.