ჰერონ ალექსანდრიელი
ჰერონ ალექსანდრიელი – (ბერძ. Ἥρων ὁ Ἀλεξανδρεύς, დაახლ. 80 წ. ძვ. წ.) ძველი საბერძნეთის მათემატიკოსი და მექანიკოსი, ჰერონ-მექანიკოსად წოდებული. ალბათ მასწავლებელი იყო. ძირითად მის ნაშრომს წარმოადგენს სამი წიგნისგან შემდგარი „მეტრიკა“ (მეცნიერება გაზომვის შესახებ), მასში მოჰყავს სამი გვერდის დახმარებით სამკუთხედის ფართობის განსაზღვრის სახელგანთქმული ფორმულა. მეორე მისი ნაშრომია „გეომეტრია“. ამ ნაშრომის ფორმა ბევრით შეესაბამება ძველბერძნულ და ძველბაბილონურ მათემატიკურ ნაშრომებს.
მეცნიერმა სახელი გაითქვა, როგორც ნიჭიერმა ფიზიკოსმა. ამ დარგში მისი ნაშრომები გამოყენებით მექანიკასა და ოპტიკას ეხება. ჰერონი მეცნიერებების ფუძემდებელთა შორისაა და მის ნაშრომებს დიდი მნიშვნელობა აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ისტორიაში. დღემდე შემონახულ ნაშრომის, „პნევმატიკას“ თავისებურება მასში აღწერილი „ჯადოსნური ფოკუსების“ ორიგინალურ იდეებში მდგომარეობს. ჰერონმა გამოიგონა მექანიზმი, რომელიც ავტომატურად აღებდა ტაძრის კარებს საკურთხეველზე სამსხვერპლო ცეცხლის დანთების დროს. მან აღწერა დიოპტრი, თანამედროვე თეოდოლიტის პროტოტიპი. მისი „წმინდა წყლის“ გასაყიდი ავტომატი სითხეების დოზირების თანამედროვე ავტომატის პირველ სახეს წარმოადგენს. ჰერონი მეცნიერებას ადამიანის საჭიროებებთან აკავშირებდა და, როგორც ამბობენ, იგი ციდან დედამიწაზე ჩამოიტანა.