ჰეფენინგისა პერფორმანსის ხელოვნება

ჰეფენინგისა და პერფორმანსის ხელოვნება – 1950-იან და 1960-იან წლებში ზოგიერთი არტისტი ამტკიცებდა, რომ მხატვრული პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც დასრულებული ნამუშევარი. მათ ტრადიციული სახელოვნებო მასალების ჩანაცვლება საკუთარი სხეულის ქმედებებით, მოძრაობებითა და ჟესტებით დაიწყეს. ეს მოვლენები, ალან ქეფროუს მიერ, ჰეფენინგად იქნა წოდებული, თუმცა პერფორმანსის ხელოვნება უფრო გავრცელებული ტერმინია. თავის არსებობას ის პოლოკს უნდა უმადლოდეს, რომელმაც მხატვრობის შექმნის ფიზიკური აქტი ხელოვნების ნიმუშად აქცია. მნიშვნელოვანია ქეიჯის, ჯონსისა და რაუშენბერგის წვლილიც, რომლებიც სპონტანურ და წინასწარ დაუგეგმავ ქმედებებს ეყრდნობოდნენ, რათა ყოველი წარმოდგენისთვის დეკორაციების ახალი ვარიანტები შეექმნათ. პერფორმანსის ხელოვნებამ საბოლოოდ გაანადგურა ბარიერი, რომლიც ტრადიციულად არსებობდა მაყურებელსა და ხელოვნების ნაწარმოებს შორის, რადგან ის გაცოცხლდა და აქტიურად შემოიჭრა მაყურებლის სივრცეში, როგორც ფიზიკურად, ისე ინტელექტუალურად. პერფორმანსი ხშირად რადიკალური და აგრესიულია. ის მხოლოდ კონკრეტულ მომენტში არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ფოტოებსა და ფილმებში რჩება, მაინც ეფემერულია.
ჯგუფი გუთაი
ზოგიერთი ადრეული, ომის შემდგომი ხანის პერფორმანსი იაპონიაში შედგა. 1954 წელს, რამდენიმე იაპონელმა ხელოვანმა გუთაი ჯგუფი (The Gutai Group, განსხეულება) ჩამოაყალიბა, რათა "დიადი ენერგიით სუფთა და შემოქმედებითი ქმედებების შესაძლებლობისთვის მიეღწიათ". გუთაის პერფორმანსებში შემოქმედებითი აქტი თავად იყო ხელოვნების ნიმუში. გუთაი ხშირად აწყობდა ინსტალაციებს (ხელოვნების ნიმუშის მოთავსება სპეციფიკურ ადგილას, რომლისთვის ის იყო შექმნილი) ღია ცის ქვეშ, თეატრალურ წარმოდგენებს და დრამატული ხასიათის პერფორმანსებს. 1956 წელს, გუთაის მეორე გამოფენაზე, შოზო შიმამოტომ (Shozo Shimamoto, დ. 1928) წარმოადგინა პერფორმანსი ნასროლი ფერები, რომლის დროსაც, საღებავიან ბოთლებს პირდაპირ იატაკზე დაფენილ ტილოზე ამსხვრევდა. მან პოლოკის ჟესტიკულაციური ფერწერული ტექნიკა მიიყვანა წერტილამდე, სადაც ხელოვნების ნიმუში ფერწერის პერფორმანსშიღა არსებობდა და არა შექმნილ ობიექტში. სინამდვილეში, გუთაიის არტისტები, ყოველი პერფორმანსის ბოლოს მუდმივად ანადგურებდნენ მათ მიერვე შექმნილ ფიზიკურ პროდუქტს.
ალან ქეფროუ
ალან ქეფროუ (Allan Kaprow, 1927-2000), ჯონ ქეიჯის კიდევ ერთი სტუდენტი, 1958 წელს გარემოს ხელოვნების (ენვირონმენტს), ხოლო 1959-ში ჰეფენინგების შექმნას იწყებს. ნამუშევარი "ეზო მანჰეტენზე", მართა ჯექსონის გალერეის უკან, კედლებით მოზღუდულ ბაღში დაიდგა. ქეფროუმ სივრცე ნახმარი საბურავებით, ტოლითა და კასრებით შეავსო, შემდეგ მნახველებს მათ შორის გავლა სთხოვა, რათა თავად შეეგრძნოთ ხელოვნების გალერეის სივრცეში რეკონტექსტუალიზებული (ახალი მნიშვნელობების შექმნის მიზნით, ერთი კონტექსტიდან ამოღებული და სხვა კონტექსტში გადანაცვლებული) რეზინისა და ტოლის სუნი და ფიზიკური სხეული. მოგვიანებით ქეფროუმ აღწერა, თუ როგორ ზიარებოდა გალერეის აუდიტორია (გაცილებით უფრო ოფიციალურად ჩაცმული, ვიდრე დღეს იქნებოდა), განსაკუთრებით კი კაბებითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით მოსილი ქალები, ურბანული გარემოს ასპექტებს მათთვის უჩვეულო და მოულოდნელი გზებით - მათ საბურავებზე დაცემა ან ყირამალა გადასვლა უწევდათ.