ჰიდროსტატიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰიდროსტატიკა – ჰიდრომექანიკის ქვედარგი, რომელიც შეისწავლის სითხის წონასწორობას და უძრავი სითხის მოქმედებას მასში ჩაძირულ სხეულზე.
იდეალურსა და რეალურ სითხეებს შორის განსხვავება თავს იჩენს მხოლოდ მათი მოძრაობისას, ამიტომ ჰიდროსტატიკის შედეგები ერთნაირად მართებულია როგორც იდეალური, ისე ბლანტი სითხისა და აირისათვის. ამასთანავე, იგი განიხილავს იმ ამოცანებსაც, რომლებშიც შეისწავლება წყლისა და ჰაერის წონასწორობის პირობები ოკეანეებში, ზღვებსა და ატმოსფეროში.
ჰიდროსტატიკის ერთ-ერთი ძირითადი კანონია არქიმედეს კანონი. ჰიდროსტატიკა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და გემების სიმტკიცე, გამოვარკვიოთ მცურავი სხეულების მდგრადობის აუცილებელი პირობები და სხვ.