ჰილის მუზეუმსა და ხელნაწერთა ბიბლიოთკაში დაცული ქართული ხელნაწერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰილის მუზეუმსა და ხელნაწერთა ბიბლიოთკაში დაცული ქართული ხელნაწერი – მუზეუმი და ხელნაწერთა ბიბლიოთეკა წმ. იოანეს სააბატოსა და კოლეგევილის უნივერსიტეტთან (მინესოტას შტატი) დაარსეს ბენედიქტელმა ბერებმა. ორგანიზაციის ამოცანაა საფრთხის ქვეშ მყოფი თემების კუთვნილი ხელნაწერების იდენტიფიცია, კატალოგიზაცია-დაარქივება და დიგიტალიზაცია. ქართული ხელნაწერის ფრაგმენტი აღნიშნული მუზეუმის ბიბლიოთეკამ 2012 წელს სოტბის აუქციონზე 4,375 გირვანქა სტერლინგად შეიძინა და დღეს მუზეუმში დაცულია Schøyen collection Ms. 1599 ნომრით.

Schøyen collection Ms. 1599. იოვანე ოქროპირი.„სოფლისა ამისთჳს წარმავალისა, სიკუდილისათჳს და საშჯელისა“

[X-XI სს.] 1ფ.; ეტრატი, 1r პალიმფსესტი, ქვედა ფენა მთავრული, განსაკუთრებით კარგად ჩანს აშიაზე; ზედა ფენა ნუსხური, ყავისფერი მელანი, r-ზე მთავრულით რვეულებრივი პაგინაცია: ნა (51-ე) რვეულის დასაწყისი .

ხელნაწერის რაობისა და მიახლოებითი დათარიღების საკითხებზე პირველადი კვლევა ეკუთვნის A. Carter Mc Collum, რომელმაც ფურცლის ფოტოპირიც გამოაქვეყნა (Mc Collum 2015: 85-93). მკვლევრის თანახმად, აღნიშნულ ფურცელზე ნუსხურით გადაწერილია ჰომილია „სოფლისა ამისთჳს წარმავალისა, სიკუდილისათჳს და საშჯელისა“, რომლის შესატყვისი ბერძნული დედანი CPG 4622 სხვადასხვა გამოცემაში მიეწერება როგორც იოვანე ოქროპირს, ასევე ეფრემ ასურს. ქართულ სამწერლობი ტრადიციაში ეს ჰომილია ცნობილია იოვანე ოქროპირის ავტორობით. იგი დაცულია X ს-ის კლარჯულ-პალესტინური წარმომავლობის კრებულებში: Sin. Geo. O. 36, 28v-34v; Sin. Geo. O. 50, 156v-183v, Ivir.Geo.9, 66r-74v., S1139, 54r-70v. ჰილის ფრაგმენტი ვარიანტულ დონეზე სხვაობს ძველი ქართული თარგმანებისგან, შესაბამისად, ისიც ადრეული, პალესტინური რედაქციის ტექსტია. საინტერესოა ერთი გარემოემაც: ფრაგმენტი გადაწერილია ყავისფერი მელნით, რომელიც ძირითადად გამოიყენებოდა X–XI სს-ში ტაო-კლარჯეთისა და საბაწმინდის სკრიპტორიუმებში გადაწერილ ხელნაწერებში.

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები