ჰოგართი უილიამ
უილიამ ჰოგართი – (William Hogarth, 1697-1764) XVIII საუკუნის ინგლისელი, ფერმწერი პორტრეტისტი.
ბრიტანეთის ბეჭვდითი ინდუსტრიის აღორძინება XVIII საუკუნეში დიდწილად სწორედ მას უკავშირდება. მხატვარი პორტრეტისტი ჰოგართი თვლიდა, რომ ხელოვნებას საზოგადოების გაჯანსაღებისთვის უნდა შეეწყო ხელი. იგი სხვადასხვა პოლიტიკური და სოციალური საკითხებისადმი მიმართული ბრიტანული სატირის კულტურის წიაღში ტრიალებდა. ჰოგართმა შეასრულა ილუსტრაციები ჯონ გეის თხზულებებისთვის, რომლის 1728 წელს დაწერილი პიესა მათხოვრის ოპერა, ყველა კლასს კორუმპირებულად, არისტოკრატიას კი, დამატებით, უპასუხისმგებლოდ წარმოაჩენდა. 1730 წლისათვის ჰოგართი ოთხი-ექვსი კომპოზიციისგან შედგენილ საკუთარ მორალისტურ ვიზუალურ თხზულებებს ქმნის. მოგვიანებით მან ეს ნამუშევრები ბეჭდურ წარმოებაში ჩაუშვა, რის შედეგადაც, მოგების გაზრდასთან ერთად, ამ სახით, ისინი თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.
1743-1745 წლებში ჰოგართმა გამოსცა ფერწერული სერია მოდური ქორწინება (Marriage à la Mode), რომელიც ჯოზეფ ედისონის 1712 წელს სპექტატორში გამოქვეყნებული ესსეთი იყო ინსპირირებული. ესსე, არისტოკრატიული მაქინაციებით შექნილი ოჯახის საპირისპიროდ, სიყვარულზე დამყარებულ ქორწინებას ქადაგებდა. ნამუშევრების ამ სერიასა და შემდგომ გამოცემულ მის ნაბეჭდ ასლებში, ჰოგართი, გაღარიბებული არისტოკრატიის შთამომავლებსა და ახლადგამდიდრებულ მეწარმეთა კლასის წარმომადგენლებს შორის ანგარებიანი ქორწინების ამბავს აღწერს, თავისი სევდიანი დასასრულით. სერიის პირველი სცენის, საქორწინო კონტრაქტის მონაწილეები საქორწინო კავშირის დასაკანონებლად არიან შეკრებილები. სურათის მარჯვენა კიდეში ლორდი სქუანდერფილდი ზის. მტკივანი შეხვეული ფეხი დაბალ სკამზე უდევს, მარცხენა ხელით კი, დიდ ფურცელზე გამოსახულ რამდენიმე განშტოების მქონე, შუა საუკუნეების რაინდიდან დაწყებულ საგვარეულო გენეალოგიურ ხეზე მიუთითებს იმის ნიშნად, რომ მაგიდაზე დადებული, მისთვის შეთავაზებული ფულის შეკვრა არ არის საკმარისი ქორწინების აქტის გასაფორმებლად. სურათის მარცხენა კიდეში ახალგაზრდა გაპრანჭული, ქარაფშუტა სქუანდერფილდი საცოლესკენ ზურგშექცევით ზის, თან სარკეში იყურება და საკუთარი გამოსახულებით ტკბება, თან საბურნუთედან თუთუნს იღებს. ჩანს, რომ იგი სრულიად გულგრილია მის გვერდით მჯდომი საცოლის მიმართ.
ამ ახალგაზრდა კაცს კისერზე უკვე ამჩნევია ინფექციური დაავადების, სიფილისის კვალი. დანაღვლიანებული პატარძალი ექსტრავაგანტულადაა ჩაცმული, მაგრამ მაინც უბრალოდ გამოიყურება, საქორწინო ბეჭედში კი, ცრემლების მოსაწმენდად გამზადებული ცხვირსახოცი გაუყრია. ცენტრში მისი მამა მდაბიო, მაგრამ მდიდარი ვაჭარი, მკვეთრი წითელი მოსაცმელით, გენეალოგიის შესასწავლად წინაა გადახრილი. ცარიელი ფულის ჩანთა მის ფეხებთან აგდია. დანარჩენი პერსონაჟები იურისტები არიან, მათ შორისაა გაქნილი სილვერთანგი, რომელიც ახალგაზრდა წყვილისთვის საბედისწერო კონტრაქტის გასაფორმებლად ბატის კალმის წვერს თლის. მკვლელობითა და თვითმკვლელობით დასრულებული სევდიანი ისტორიის შემდეგი ხუთი სცენა თანმიმდევრობით აღწერს ამ დამღუპველი კავშირის შედეგებს.
ჰოგართი ცდილობდა ყოველგვარი მითოლოგიური ბუნდოვანებისგან გათავისუფლებული, გამოკვეთილად ბრიტანული სტილის ხელოვნების შექმნას, რომელიც მაყურებლის სულიერ გაჯანსაღებასა და სოციალურ პროგრესს გამოიწვევდა. არისტოკრატიის დეკადანსური მიდრეკილებებისადმი ჰოგართის სიძულვილი ლორდ სქუანდერფილდის კედლებზე დაკიდული სურათების კომიკურ დეტალებში ჩანს. ჰოგართს აუდიტორიის გართობა და გახალისება სურდა, მაგრამ, იმავდროულად, მისი გესლიანი, გონებამახვილი ისტორიები თანამედროვე ბრიტანეთში არსებულ კლასობრივ და ქონებრივ წინააღმდეგობებს ავლენდა. ჰოგართის ნამუშევრები იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1745 წლიდან მან თავი დაანება პორტრეტულ ჟანრს, რომელიც პატივმოყვარეობის გამოვლენის სამარცხვინო ფორმად მიაჩნდა.