ჰოდოგრაფი
ჰოდოგრაფი – წირი, რომელიც წარმოადგენს იმ ცვლადი ვექტორის (დროში ცვალებადი) ბოლოების გეომეტრიულ ადგილს, რომლის მნიშვნელობები დროის სხვადასხვა მომენტში გადაზომილია ერთი ფიქსირებული 0 წერტილიდან.
ჰოდოგრაფი თვალსაჩინო გეომეტრიულ წარმოდგენას გვაძლევს იმის შესახებ, თუ დროის მიხედვით როგორ იცვლება ცვლადი ვექტორით გამოსახული ფიზიკური სიდიდე და როგორია ამ ცვლილების სიჩქარე.
სახელწოდება წარმომდგარია ბერძნული სიტყვიდან hodos – „გზა“, „მოძრაობა“, „მიმართულება“ და grapho – „ვხატავ“, „ვწერ“. ასე რომ, სიტყვის შინაარსია „გზა აღწერილი რაიმეს მიერ“. ცნება და ტერმინი შემოიღო ჰამილტონმა ნაწილაკის მრუდწირული მოძრაობის შესწავლისას. იგი გადმოიღო გიფსმა და შეიტანა თავის „ვექტორულ ანალიზში“ და 1881-1901 წლების ლექციების კურსში. ერთდროულად შემოღებულ იქნა ტერმინი „სკალარული არგუმენტის ვექტორული ფუნქცია“.