ჰოლგერბი ლიუდვიგ
ლიუდვიგ ჰოლგერბი (დან. Ludvig Holberg, 1684-1754), დანიელი დრამატურგი. ახალი დროების დანიური ლიტერატურისა და თეატრის ფუძემდებელი, სკანდინავური განმანათლებლობის მოღვაწე.
თავის დრამატულ თხზულებებში შექმნა დანიის საზოგადოების პოლიტიკური, სოციალური და სულიერი ცხოვრების რეალისტური სურათები, აჩვენა საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები. ასახა თავადაზნაურობის ცხოვრება პიესაში „დონ რანუდო დე კოლიბრადოს, ანუ ერთგულება და სიამაყე“, გამოააშკარავა თანამემამულეთა კოსმოპოლიტიზმი, გალომანია პიესაში „ჟან დე ფრანს ანუ ჰანს ფრანდსენ“, ამხილა ბურჟუაზიის სიხარბე – „თერთმეტი ივნისი“, „პერნილის ხანმოკლე ქალიშვილობა“, მდაბიორთა ფარისევლობა „მკალავი-პოლიტიკანი“, „ოსტატი ჰერტ ვესტფალიელი, ანუ მოლაყბე დალაქი“, „მელოგინეს ოთახი“, „მოუსვენარი“. მან გაამასხრა ჯარისკაცთა ბაქიაობა კომედიებში „იაკობ ფონ ტიბოე, ანუ ტრაბახა ჯარისკაცი“, „დიდერიკი-საფრთხობელა“. მის პიესებში ვხვდებით ფსევდო-სწავლულ სქოლასტებს, უვიც ექიმებს და ადვოკატებს, უსწავლელ-ლათინისტებს „ერაზმუს მონტანუს ანუ რასმუს ბერგი“, „გემის ბედნიერად დაღუპვა“ მან ასახა გლეხთა ცხოვრება პიესაში „იეპე მთიდან, ანუ გარდაქმნილი გლეხი“. მის პიესებში სატირული სიმწვავე მიღწეულია უარყოფითი მოვლენების ჰიპერბოლიზაციის გზით. მისი ესთეთიკური შეხედულებები აისახა ინტერმედიებში: „დანიური კომედიის დასაფლავება“, „საახალწლო პროლოგი“ სკანდინავიის ქვეყნებში ჰოლბერგი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორია.