Orchis ustulata L
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Orchis ustulata L. – ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მცენარის ღერო 15-50 სმ სიმაღლისაა, შეფოთლილი; ზედა ნაწილში დაფარულია წაწვეტებული, ფოთლისმაგვარი ვაგინებით. ფოთლები მოყვანილობით მოგრძო-ლანცეტაა, ლეგა, ძირისკენ შევიწროებული და პატარა წვეტით დაბოლოებული. ყვავილედი ხშირ და მრავალყვავილიანია, ცილინდრული. ყვავილები პატარა ზომისაა; მუზარადი მოშავო-მეწამული ფერისაა და მობლაგვო; ყვავილსაფრის შიგნითა ფოთლები ვარდისფერია; ტუჩი – ღია ვარდისფერი ან მოთეთრო. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება შუა და ზედა სარტყლებში ტყისპირა მიდამოებსა და ბუჩქნარში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. სპორადულად მთელ საქართველოშია გავრცელებული.