ტაბატაძე ალექსანდრე (პოეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ტაბატაძე

ტაბატაძე ალექსანდრე – (1934 – 2004), პოეტი. დაიბადა სოფელ გოკიაში (ახალქალაქი). 1957 წ. დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. იყო ლიტ. მუშაკი გაზეთ „სტალინელში“, „ზარია ვოსტოკას“ კორესპონდენტი, გაზეთების – „შთაგონების“ და „ყაყაჩოს“ – დამაარსებელი და რედაქტორი. გამოცემული აქვს კრებულები: „უცოდველი მიწა“ (1972) „გულწრფელი თოვლი“ (1979), „შენ გეკითხები“ (1983), „შემოდგომის გაზაფხული“ (1985) „ადიდებული მტკვარი“ (1990) და სხვა.


მე ახლა
მივალ, მივყვები ქუჩას ტაატით
და გული მკერდქვეშ დღეღამ მბორგავი
ხმაურობს, როგორც კედლის საათი,
და აღარ წყდება ფიქრის გორგალი.
მე ახლა ისე გოლიათი ვარ,
ამ მთას მთვარემდე ღონით ავზიდავ,
ერთი კი არა, მგონი ათი ვარ,
ათი კი არა, მგონი ასი ვარ.
ეს ცა არ ჰყოფნით ახლა ამ თვალებს,
ახლა ის არ ვარ, ახლა სულ სხვა ვარ,
ეს ვარსკვლავები უკვე დავთვალე
და აღარ მყოფნის აღსანუსხავად.
ეს გული ახლა ისე ცხელია,
ვშიშობ, არავინ დავწვა გამვლელი,
ფეხით გავასწრებ ახლა ცხენიანს,
მე ახლა ციდან ღრუბლებს გავდენი.
ახლა სიცოცხლე ისე ტკბილია,
ვერ მომერევა ასი სიკვდილი,
მე ახლა ცაში ასვეტილი ვარ,
როგორც ვეება ციხე ქვითკირის.
...მივალ, მივყვები ქუჩას ტაატით,
მესმის, ხმაურობს გული მბორგავი,
არ გამიტყდება მკერდქვეშ საათი,
არ გამიწყდება ფიქრის გორგალი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები