ჭივჭავი
ჭივჭავი (ლათ. Spinus spinus Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ჭივჭავი.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − მთიულასებრნი (Fringillidae)
- გვარი − ჭივჭავი (Spinus)
ჭივჭავი პატარა ზომის ფრინველია; ფრთა 65-75 მმ-ია, კუდი − 40-50 მმ, ნისკარტი − 8-10 მმ, წონა 10-15 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის არის განსხვავება შეფერილობაშიც. ზრდასრულ მამალს შუბლი და თხემი შავი აქვს. კისრის ზემო ნაწილი, ზურგი და მხრები მორუხო-მწვანეა, ოდნავ შესამჩნევი მოშავო ღერძულა შტრიხებით. კუდზედა ბუმბულები, თავისა და კისრის გვერდები, მკერდი და სხეულის გვერდები მომწვანო-ყვითელია. ფრთების ზემო მფარავები შავია, მომწვანო წვეროებით. მომქნევები და საჭის ბუმბულები ძირში ბაცი ლიმონისფერ-ყვითელია, ხოლო დანარჩენ ნაწილში − მოშავო-რქისფერი. ფრთებისა და კუდის შავ ფონზე ყვითელი ლაქებია. ყელზე არაა მკაფიო მოშავო ლაქა. გვერდებსა და კუდქვეშა ბუმბულებზე მუქი მურა წინწკლებია. მუცლის შუა ნაწილი თეთრია. ახალი ბუმბულსაფარველის საერთო შეფერილობა უფრო მორუხოა, ხოლო ძველის − მოყვითალო. ზრდასრული დედალი ზაფხულში ზურგის მხარეს მომწვანო-რუხია, მურა-შავი გასწვრივი წინწკლებით; კუდზედა ბუმბულები მომწვანო-ყვითელია, ისევ წინწკლებით. ყვითელი ლაქები ფრთებსა და კუდზე უფრო მკრთალი აქვს, ვიდრე მამალს. კონუსური ფორმის პატარა ნისკარტი მურა-რქისფერია; ფეხები − მურა-ხორცისფერი.
სარჩევი |
გავრცელება
არეალი შედგება რამდენიმე იზოლირებული ნაწილისაგან. ერთი ნაწილი მოიცავს ევროპას: ჩრდილოეთით − 66-ე პარალელამდე, დასავლეთით − ბრიტანეთის კუნძულებს და აღმოსავლეთ საფრანგეთს, თუმცა პატარა არეალი არის ესპანეთ-საფრანგეთის საზღვარზე, პირენეის მთებში; სამხრეთით ვრცელდება ალპების სამხრეთ ფერდობებზე, იუგოსლავიისა და ბულგარეთის მთებზე, ხოლო აღმოსავლეთით სსრკ ევროპული ნაწილის ცენტრში იჭრება ურალის ქედამდე. მეორე იზოლირებული ნაწილი არეალისა მოიცავს თურქეთისა და ირანის ჩრდილოეთ ნაწილებს და კავკასიას. საკმაოდ ვრცელი იზოლირებული არეალი არის შორეულ აღმოსავლეთში უსურის მხარეში, სახალინზე, მანჯურიასა და იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე. არეალის დიდ ნაწილში მობინადრეა, ზოგან ეწევა მომთაბარეობასაც. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობინადრე ფორმა.
ბიოტოპი
ბინადრობს წიწვიან ტყეებში, მათ შორის უპირატესად ნაძვნარში, რაც ბევრგან განაპირობებს ამ ფრინველის გავრცელებას. ხშირად მოიპოვება წიწვიანების მახლობელ პარკებსა და ბაღებში, მდინარეთა სანაპირო კორომებსა და ბუჩქნარებში.
გამრავლება
ბუდეს აკეთებს ჩვეულებრივად ნაძვის კრონის ზემო იარუსში, ზოგჯერ ფიჭვზე ან არყზეც, მაგრამ მიწიდან მაღლა. წნავს ნახევარ-სფერული ფორმის ბუდეს ხავსის, ლიქენების, წვრილი წნელის, ქერქისა და სხვა მასალისაგან. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველი ბუდობები ნაპოვნია აპრილის ბოლოს და მაისის პირველ ნახევარში, ხოლო მეორე − ივნისის მეორე ნახევარში. დებს 3-6 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. საინკუბაციო პერიოდი 12-14 დღემდე გრძელდება.
კვება
ჭივჭავის ძირითად საკვებს შეადგენენ ნაირგვარი, როგორც წიწვიანი, ისე ფოთლოვანი, აგრეთვე სარეველა მცენარეთა თესლები, კენკრა. მრავლად კენკავს მწერებსაც, მათ შორის − ტყის მავნებლებს.
მნიშვნელობა
სარეველა მცენარეთა თესლებისა და მავნე მწერების მასობრივად განადგურებით ჭივჭავს მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს ტყის, ბაღებისა და პარკებისათვის. დიდია ამ ფრინველის ესთეტიკური მნიშვნელობაც.