საიათნოვა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არუთინ საიათიანი“ გადაიტანა გვერდზე „საიათნოვა“ გადამისამარ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „საიათნოვა“ გადაიტანა გვერდზე „საიათიანი არუთინ“) |
12:13, 11 აპრილი 2022-ის ვერსია
საიათნოვა − (1712 − 1795 ან 1722 − 1801), საქართველოში მოღვაწე ეროვნებით სომეხი პოეტი, აშუღი, მომღერალი. ნამდვილი სახელი და გვარი − არუთინ საიათიანი; არსებობს მისი ფსევდონიმის – „საიათნოვა” – გაშიფრვის სპარსული ვარიანტიც: საიადის შვილიშვილი („ნოვა/ნავა” სპარსულად შვილიშვილს ნიშნავს).
დაიბადა თბილისში. დედა თბილისელი ჰყავდა, მამა კი (კარაპეტ საიათიანი) წარმოშობით ან ალეპოდან ან ადანიდან უნდა ყოფილიყო. საიათნოვა განთქმული იყო საკუთარი ლექსებით, სიმღერით. უკრავდა ქამანჩაზე, ჩონგურზე, იგი ერეკლე II-ის კარის მომღერალი და მუსიკოსი იყო და გადმოცემით დიპლომატის ფუნქციასაც ასრულებდა; ასევე ზეპირი გადმოცემების თანახმად, მისი შუამავლობით შესაძლებელი გახდა ალიანსი საქართველოს, სომხეთსა და შირვანს შორის სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ. თუმცა მეფის ქალიშვილისადმი (სხვა ვერსიით − დის, ანასადმი) მისმა სიყვარულმა ერეკლეს წყრომა გამოიწვია, იგი სამეფო კარიდან გააძევეს და დანარჩენი ცხოვრება გზაში ხეტიალსა და მარტოობაში გალია. 1768 წელს ბერად შედგა ახპატში, დროდადრო თბილისს უბრუნდებოდა. ლეგენდის თანახმად, დაიღუპა 1795 წლის სექტემბერში, თბილისში აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს. დაკრძალულია თბილისის სურბ გევორქის ეკლესიაში. სხვა ვერსიის თანახმად, იგი 1801 წელს გარდაცვლილა.
საიათნოვას ავტორობას შეიძლება მიეწეროს დღემდე მოღწეული დაახლოებით 230 ნაწარმოებმა (მათ შორის 60 სომხურ ენაზეა, 34 – ქართულად, 115 აზერბაიჯანულად), თუმცა, სავარაუდოდ, მას ათასობით სიმღერა უნდა ჰქონოდა შექმნილი. მის სიმღერათა უმრავლესობა ქართულ, სომხურ, თურქულ (აზერბაიჯანულ) და სპარსულ ენებზეა. მათი დიდი ნაწილი დღესაც პოპულარულია. საიათნოვას პოეზია ორიგინალურია სტილითა და რიტმიკით. მის პოეზიაში თავი იჩინა აღმოსავლურმა სალექსო ფორმებმა და ლექსიკამ გარკვეული გავლენა მოახდინა თანადროულსა და მომდევნო ხანის ქართულ ლიტერატურაზე. მისი პოეზია ძირითადად სატრფიალო თემას დასტრიალებს, თუმცა მისთვის უცხო არ არის მოქალაქეობრივ-სოციალური და რელიგიური მოტივებიც; ამას გარდა, მრავლად მოეპოვება დიდაქტიკური ლირიკის ნიმუშებიც. საიათნოვას ქართული ლექსები გამოსცეს ი. გრიშაშვილმა (1918) და ალ. ბარამიძემ (1963); სომხური ლექსები ქართულად თარგმნეს ლევონ მელიქსეთ-ბეგმა, გივი შაჰ-ნაზარმა და ზეზვა მედულაშვილმა; აზერბაიჯანული − გიორგი შაყულაშვილმა.
- * * *
- ზღვას ვით გააშრობს ვარსკვლავის სხივი!
- მტკვარი ცხრილით როგორ უნდა აირწყოს?
- ქარი რას დააკლებს ქვითკირის კლდესა,
- თუ გინდ წლის-წლობამდის ქროლვა დაიწყოს!
- თუ გინდ გაათეთრო სპილენძის თასი,
- სპილენძი ერთია, ვერცხლი – ათასი!
- ჭიქას არ ედება ალმასის ფასი,
- თუ გინდ ოქროს ბეჭედშიაც გაიწყოს!
- ზოგ-ზოგი კაცია ეშმაკის მუშა;
- ეშმაკის ნაშენი ღმერთმან დაფუშა...
- გოგრა არ გახდება შირაზის შუშა,
- რა გინდა მაღლა თახჩაშიაც შაიწყოს!
- თუ გინდ თევზი დაჰკლა, – არ დაიყვირებს.
- ფეხთ ჰინის დადება რათ უნდათ ვირებს?
- ქვიშა ბამბის ალაგს ვერ დაიჭირებს,
- თუ გინდ ყუთნის საბანშიაც ჩაიწყოს.