არაყიშვილი დიმიტრი
(ახალი გვერდი: დიმიტრი არაყიშვილი '''არაყიშვილი დიმი...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არაყიშვილი დიმიტრი“ გადაიტანა გვერდზე „დიმიტრი არაყიშვილი“) |
17:27, 1 მაისი 2017-ის ვერსია
არაყიშვილი დიმიტრი - (11. II. 1873, ვლადკავკაზი,-13. VIII. 1953, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი, მუსიკისმცოდნე-ეთნოგრაფი, პედაგოგი (თბ. კონსერვატორიის პროფესორი 1924) და საზოგადო მოღვაწე. ახალი ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, კომპოზიტორ-კლასიკოსი. საქართველოს სახალხო არტისტი (1929). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950).
დაამთავრა მოსკოვის ფილარმონიის საზოგადოების სამუსიკო სასწავლებელი კომპოზიციისა და თეორიის განხრით (1901) და მოსკოვის არქეოლოგიური ინსტიტუტი. მოსკოვში ცხოვრების პერიოდში ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო და შემოქმედებით მოღვაწეობას, ურთიერთობდა გამოჩენილ რუს მუსიკოსებთან. ამავე წლებში არაყიშვილმა ოთხი სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო საქართველოს სხვადასხვა რაიონში (1901, 1902, 1904, 1908), სადაც ჩაწერა 500-ზე მეტი სიმღერა, რომლებიც შემდეგ სამ დიდ კრებულად გამოსცა. არაყიშვილისის თაოსნობით 1908 მოსკოვში გამოვიდა ჟურნალი „მუზიკა ი ჟიზნ“, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში თვითონ რედაქტორობდა. 1918-იდან საქართველოშია. მისი თაოსნობით 1921 თბილისში დაარსდა მეორე კონსერვატორია. (1924 შეუერთდა სახელმწიფო კონსერვატორია), 1926-29 არაყიშვილი იყო თბილისის კონსერვატორიის დირექტორი, საკომპოზიციო ფაკულტეტის დეკანი, კათედრის გამგე. 1932-34 ახლად დაარსებული კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.
1919 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიდგა არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაეელზე“. ოპერის ცალკეულმა ნაწყვეტებმა (შესავალი, თამარის კავატინა, შოთას არია, მგოსნის სიმღერა, ურმული, აბდულ-არაბისა და რუსუდანის დუეტი), საყოველთაო აღიარება მოიპოვა. მას ეკუთვნის აგრეთვე კომიკური ოპერა: „სიცოცხლე სიხარულია“ („დინარა“, 1926), სიმფონია სურათი „ჰიმნი ორმუზდს“ (1911), 3 სიმფონია (30-40-იანი წლები), 80-ზე მეტი რომანსი და სხვ.
არაყიშვილის ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო რომანსია, სადაც მან ჟანრის კლასიკური ნიმუშები შექმნა, რომლებზეც ქართველი მომღერლების არაერთი თაობა აღიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია:
- „ივერიის მთებზე“,
- „ნუ მღერი, ლამაზო“,
- „აღსდექ, შეინავარდე“,
- „ვარდ-ყვავილთა სამეფოს მოდი“,
- „სიოვ ნაზო“,
- „ვარსკვლავიანსა ღამეს“,
- „მე შენ გელი“,
- „ღამეა ბნელი“,
- „შემოღამება“
- „ურმული“,
რომლებიც ფართოდ გავრცელდა ხალხში, დამკვიდრდა საკონცერტო და პედაგოგიურ რეპერტუარში.
1943 მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, 1950 სსრკ სახელმწიფო პრემია (ფილმ „ჯურღაის ფარის“ მუსიკისათვის, 1944).
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")