სიყვარულისთვის თვითმკვლელობა სონეძაკიში (ჩიკამაცუ მონძაემონი)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სიყვარულისთვის თვითმკვლელობა სონეძაკიში (ჩიკამაცუ მონძაემონი)...) |
14:58, 17 ივლისი 2023-ის ვერსია
„სიყვარულისთვის თვითმკვლელობა სონეძაკიში“ – ჩიკამაცუ მონძაემონის ბუნრაკუს პიესა „სონეძაკი შინჯიუ“ („სიყვარულისთვის თვითმკვლელობა სონეძაკიში“) შედევრი იყო, როგორც ოჯახური დრამის (სევა მონო) ჟანრის პირველი პიესა, რომელიც ეხებოდა კონფლიქტს ადამიანურ გრძნობებსა და საზოგადოებაში არსებულ მკაცრ შეზღუდვებსა და ვალდებულებებს შორის. ამ პიესის უდიდეს წარმატებას მოჰყვა უამრავი სხვა სასიყვარულო დრამაც, რომელიც ეხებოდა ვაჭრისა და კურტიზანის სასიყვარულო ისტორიას. როგორც ამბობენ, ამან გამოიწვია სიყვარულისთვის თვითმკვლელობის გახშირება იაპონიაში.
სარჩევი |
სცენა პირველი:
ტოკუბეი, სოიის სოუსით მოვაჭრე, შემთხვევით ხვდება თავის სატრფო კურტიზან ოჰაცუს ქალაქ ოსაკაში, იკუტამას სალოცავში. ცხარე ცრემლით მომტირალი კურტიზანი საყვედურობს მას უყურადღებობისთვის, რომ არ ხვდება და არ წერს წერილებს. ტოკუბეი უხსნის მას, რომ პრობლემები ჰქონდა და კურტიზანის დაჟინებული თხოვნის შემდეგ უყვება თავის ისტორიას.
ტოკუბეის ბიძა, სოიის სოუსის ბიზნესის პატრონი, სთხოვს ტოკუბეის, ცოლად მოიყვანოს მისი ცოლის დის შვილი, მაგრამ ტოკუბეი უარზეა თავის ოჰაცუსადმი სიყვარულის გამო. ტოკუბეის დედინაცვალი მის ზურგს უკან მალულად ახდენს გარიგებას და დიდძალ მზითვს აგზავნის სოფელში ამ ქალიშვილთან. ტოკუბეი კვლავაც უარზეა და გაბრაზებული ბიძა ითხოვს მზითვისთვის გადახდილი ფულის მისთვის უკან დაბრუნებას. საბოლოოდ, ტოკუბეი იღებს დედინაცვლისგან ამ თანხას და სანამ ბიძამდე მიიტანს, ასესხებს გასაჭირში ჩავარდნილ თავის ახლო მეგობარ კუჰეიჯის, რომელიც უგვიანებს ტოკუბეის ფულის დაბრუნებას. კუჰეიჯი რამდენიმე თავის ამხანაგთან ერთად მიდის სალოცავში. ტოკუბეი დაჟინებით სთხოვს მას ნასესხები ფულის დაბრუნებას, მაგრამ კუჰეიჯი უარყოფს, რომ მისგან აქვს ფული აღებული და უფრო მეტიც, თავისი ამხანაგების დახმარებით სცემს ტოკუბეის. როცა კუჰეიჯი წავა, ტოკუბეი გამვლელებს არწმუნებს თავის უდანაშაულობაში და გადაკვრით ლაპარაკობს თვითმკვლელობის განზრახვის შესახებ.
სცენა მეორე:
ოჰაცუ ეხმარება ტოკუბეის დაიმალოს აივნის ქვეშ, სადაც ის ზის, მაგრამ მალე კუჰეიჯი და მისი მეგობრები გამოჩნდებიან. კუჰეიჯი აგრძელებს ტოკუბეის დადანაშაულებას, მაგრამ ოჰაცუ ეუბნება, რომ იგი დარწმუნებულია ტოკუბეის უდანაშაულობაში. შემდეგ ოჰაცუ თავის თავს ეკითხება, ტოკუბეის მართლაც აქვს გადაწყვეტილი სიკვდილი თუ არა. ტოკუბეის ისე, რომ ამას ვერავინ ამჩნევს, ოჰაცუს ფეხი (რადგან მდედრობით მარიონეტებს ფეხები არა აქვთ, ამ სცენაში გამოიყენება სპეციალურად გაკეთებული ფეხი) მიაქვს თავისი კისრის გასწვრივ და ამით ეთანხმება მის შეკითხვას. კუჰეიჯი ამბობს, რომ თუ ტოკუბეი თავს მოიკლავს, ის გამოიჩენს ოჰაცუსადმი მზრუნველობას. ამას ეწინააღმდეგება ოჰაცუ და კუჰეიჯის უწოდებს ქურდსა და მატყუარას. ოჰაცუ ამბობს, რომ თუ ტოკუბეი გადაწყვეტს თვითმკვლელობას, მაშინ ორივენი ერთად დაიხოცებიან. ოჰაცუს სიყვარულით აღტკინებულ ტოკუბეის საპასუხოდ თავის შუბლთან მიაქვს ოჰაცუს ფეხი. მას შემდეგ, რაც კუჰეიჯი ტოვებს იქაურობას, ოჰაცუ ახერხებს სახლიდან გამოსვლას.
სცენა მესამე:
გზად სონეძაკის ტყისაკენ ოჰაცუ და ტოკუბეი საუბრობენ მათი სიყვარულის შესახებ; პიესის მთხრობელის ლირიკული პასაჟი ეხება სიცოცხლის წარმავლობას. გზაზე მდებარე ჩაის სახლიდან ისმის რა მოქეიფეთა სიმღერა სიყვარულისა და თვითმკვლელობის შესახებ, ტოკუბეი ფიქრობს, რომ შეიძლება მომავალში ამგვარი სიმღერების გმირები თავად ოჰაცუ და ტოკუბეიც გახდნენ. მიაღწევენ რა სონეძაკის ტყეს, ოჰაცუ ჭრის თავის სარტყელს, რათა მისი მეშვეობით ერთმანეთზე გადაებან და ლამაზად დაიხოცონ. ტოკუბეი ბოდიშს უხდის თავის ბიძას, ოჰაცუ კი − თავის მშობლებს იმ ტკივილისთვის, რასაც ისინი მათ მიაყენებენ. ამიდა ბუდას გალობით მოხმობის შემდეგ, ტოკუბეი ჯერ ოჰაცუს განგმირავს დანით და თავადაც იკლავს თავს.